კორონავირუსის ახალი შტამი და ახალი საფრთხეები – ეპიდემიოლოგები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ | 05.01.2021

ახალი შტამი და ახალი საფრთხეები. მას შემდეგ რაც  საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამის პირველი შემთხვევა  დადასტურდა, ეპიდემიოლოგები მოსახლეობას  სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული პაციენტია და მას მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია.

კორონავირუსის ახალი შტამი უკვე ცნობილ შტამთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება.  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განმარტებით, იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ბავშვებისთვის მეტად საზიანო იქნება, მეცნიერებს არ აქვთ.  ჩხაიძის  ინფორმაციით, დღეისთვის კორონავირუსის 1200-მდე მუტაციაა დაფიქსირებული.

დაწესებული რეგულაციების ფონზე, კორონავირუსის მაჩვენებელი ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა ეპიდემიოლოგები მომდევნო ორი კვირის შედეგებს ელოდებიან. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ინფორმაციით, სწორედ ამაზეა დამოკიდებული შემსუბუქდება  თუ არა რეგულაციები 16 იანვრიდან.

სანამ ახალი წლის შედეგები გახდება ცნობილი, ეპიდემილოგები  მოახლოებული შობის დღესასწაულის  შესაძლო რისკებზე  საუბრობენ. რეკომენდაცია უცვლელია – მოვერიდოთ   სტუმრიანობას.

5 იანვრის მონაცემებით,  საქართველოში კორონავირუსის 2316 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს 2646 ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა  232 079-ს შეადგენს.  მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 2900 საწოლია თავისუფალი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები