ოდესის აეროპორტში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე იგივე ლავასოღლი დააკავეს | 04.01.2021

ოდესის აეროპორტში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ლავასოღლი უკრაინაში ბელარუსიდან ჩავიდა. აეროპორტში შემოწმებისას კი გორაძეს პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ ჰქონდა, რის შემდეგაც ის საზღვარზე გააჩერეს. შესაბამისი სამსახურები მინდია გორაძეს თურქეთში ექსტრადირებას გეგმავენ, სადაც მას ცხოვრების უფლება აქვს, მისი ადვოკატი კი დაკავებულის უკრაინაში, საექსტრადიციო პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. ქართულმა სასამართლომ ლავასოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა 2018 წლის ივლისში დაუსწრებლად შეუფარდა. მას ბრალი კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ედება. ის თურქეთში 2018 წლის ოქტომბერში დააკავეს, თუმცა გაურკვეველი მიზეზით, საქართველოში მისი ექსტრადირება ვერ მოხდა. ამის შემდეგ ის ბელარუსში, ასევე საექსტრადაციო პატიმრობაში გადაიყვანეს. თუმცა 2020 წლის 3 აგვისტოს საექსტრადიციო პატიმრობის ვადაც ისე ამოეწურა, რომ  საქართველოში მისი ექსტრადირება არ მომხდარა.