ვის შეეხება ამნისტია – კანონპროექტს „ოცნება“ უახლოეს დღეებში დაამტკიცებს | 04.01.2021

“ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა. არჩილ თალაკვაძის  განმარტებით, კანონპროექტით  ერთი მხრივ, დაცული იქნება საზოგადოების უსაფრთხოება და მეორე მხრივ, პატიმრობაში მყოფი პირების რესოციალიზაციის პრინციპები.

სანამ  საკითხი სესიაზე გავა, დეპუტატებმა  “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი  იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს.  ახალი ინიციატივის თანახმად, სასჯელისგან გათავისუფლება ან მსჯავრის შემსუბუქება შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 40-მდე მუხლს. კანონპროექტი არ გაფართოვდება მათ მიმართ, ვისაც ბრალად ედებოდა და მსჯავრდებულები არიან ნარკოტიკების გასაღების გამო.

კანონპროექტის გარკვებულ მუხლებთან დაკავშირებით,  დაზუსტებას ელოდებიან არასამთავრობო   ორგანიზაციის წარმომადგენლები.  ამნისტიის შესახებ  კანონპროექტის ცალკეულ მუხლებში შეტანილი ცვლილებების  საბოლოო ვერსიები პლენარულ სხდომაზე იქნება წარდგენილი.

არსებული პროექტის მიხედვით, ამნისტიის აქტი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე ვრცელდება. ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ის ნასამართლეობის არმქონეა, თუ დაზარალებული თანახმაა ამნისტიის გავრცელებაზე ან თუ ბრალდებულმა და მსჯავრდებულმა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანი აანაზღაურა.