ვინ დაიკავებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთა სავარძლებს პარლამენტში – დასკვნითი რაუნდის მოლოდინში | 04.01.2021

პირველი გადაწყვეტილება მიღებულია – მეათე მოწვევის ერთპარტიულმა პალამენტმა “პატრიოტთა ალიანსის” 3 წევრს უფლებამოსილება გაუუქმა. ირმა ინაშვილის, გოჩა თევდორაძისა და გიორგი ლომიასთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა. შესაბამისი გადაწყვეტილება “ქართულმა ოცნებამ” პლენარულ სხდომაზე მიიღო.

მანდატების საბოლოოდ გაუქმებამდე პარლამენტის უკვე ყოფილი წევრების განცხადებები კომიტეტის ფორმატში განიხილეს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ გადაწყდა, რაც პარტიის სხვა წევრებმა პარლამენტში შესვლის სურვილი გამოთქვეს. “პატრიოტთა ალიანსი” ერთ-ერთი ის პარტიაა, რომელმაც ცესკოში პარტიული სია არ გაანულა.

ვინ დაიკავებს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერთა სავარძლებს პარლამენტში და იქნებიან თუ არა ადგილმონაცვლეები ავთანდილ ენუქიძე და დავით ზილფიმიანი – მანდატების გაუქმების შემდეგ ირმა ინაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ცალკეული პირების შესვლა პარლემენტს ლეგიტიმაციას ვერ მიანიჭებს.

ოპოზიცია პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის” რამდენიმე წევრის შესაძლო შესვლას ეხმაურება და ივანიშვილის გუნდს ოპონენტების მოსყიდვაში ღიად ადანაშაულებს. ფიქრობენ, რომ “ქართული ოცნება” რეპრესიული მეთოდებით ოპოზიციის დაშინებასა და ამ გზით  პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას ცდილობს, თუმცა მათივე თქმით, ამ პირობებში ეს შეუძლებელია.

უკვე ცნობილია, რომ გადამწყვეტი შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, სავარაუდოდ, იანვრის მეორე ნახევარში გაიმართება. საჯარო ბოიკოტის 65-ე დღეს კი ოპოზიციაში ისევ მკაფიოდ ამბობენ, რომ თუ მმართველი გუნდი ვადამდელ არჩევნებს არ დანიშნავს, ისინი პარლამენტში შესვლის საკითხს არც კი განიხილავენ. ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეებში” შეთანხმების მიღწევის მზაობას გამოთქვამენ, “გირჩში” კი აღიარებენ, რომ ბოლო პერიოდში ოპოზიციის პოზიციები შესუსტდა.

მოლაპარაკებების დასკვნით რაუნდს ელოდებიან მმართველ გუნდშიც და პირდაპირ ამბობენ, რომ სანამ მოლაპარაკებები არ დასრულდება, ისინი ოპოზიციურ პარტიებისთვის მანდატების გაუქმების საკითხს არ განიხილავენ. “ქართულ ოცნებაში” დღეს კიდევ ერთხელ გამოთქვეს იმედი მეხუთე რაუნდის შემდეგ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევა და საკუთარ ადგილებს დაიკავებს.

რჩება თუ არა სივრცე მოლაპარაკებებისთვის და აპირებენ თუ არა მხაარები დათმობაზე წასვლას მეხუთე რაუნდამდე რამდენიმე დღით ადრე ვითარება პოლიტიკურ ველზე ისევ ბუნდოვანია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები