2021 წელს ქვეყანა არაერთი გამოწვევით ხვდება | 31.12.2020

პანდემია, გაკოტრების პირას მდგარი ბიზნესი და პოლიტიკური კრიზისი – 2021 წელს ქვეყანა არაერთი  გამოწვევით  ხვდება. სამსახურის გარშე დარჩენილი ასობით ათასი ადამიანი და ერთპარტიულად დარჩენილი პარლამენტი – ეს ის მთავარი პრობლემებია, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები  წლის ჩავარდნად ასახელებენ. 2020 წლის შეჯამებისას პირდაპირ ამბობენ, რომ ეს წელი ქვეყნისთვის წარუმატებელი იყო, მის  გამოსასწორებლად ხელისუფლებამ  არაფერი გააკეთა.

2020 წლის განმავლობაში პოლიტიკური ოპონირება აქტიურად მიმდინარეობდა ქუჩაში.  რადგან საპარლამეტო ოპოზიციამ “ქართულ ოცნებას” ბოიკოტი ჯერ კიდევ არჩევნებამდე გამოუცხადა. ხელისუფლების ოპონენტები წლის შეჯამებისას,  განსაკუთრებულ აქცენტს ქვეყანაში გაზრდილ კორუფციაზე აკეთებენ, რა დროსაც  სახელისუფლებო გუნდთან დაახლოებულმა კომპანიებმა მილიონობით ლარი იშოვეს. მსგავსი სქემები  მრავლად ახსენდება “ნაციონალური მოძრაობის” წევრს ლევან ხაბეიშვილს.

ვინ იყო 2020 წლის მთავარი გმირი და მთავარი ანტიგმირი – ხელისუფლების ოპონენტები თანხმდებიან, რომ 2020 წელს საქართველოში საქმიანობით, ექიმები გამოირჩეოდნენ, რომლებიც პანდემიის დაწყების დღიდან ადამიანების გადასარჩენად ძალას არ იშურებენ. ექიმებს მადლობას უხდიან, “ქართულ ოცნებაშიც”, ანტიგმირების დასახელებისგან თავს იკავებენ, თუმცა ირიბად ოპოზიციაზე მიანიშნებენ.

წლის მიწურულს საქართველოს პარლამენტში 150 სავარძელი და მხოლოდ 90 დეპუტატია – ეს კი ოპოზიციის აზრით, “ქართული ოცნების” ყველაზე დიდი ჩავარდნაა. მმართველ გუნდში აღიარებენ, რომ ოქტომბრის არჩევნები წლის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო, თუმცა მათივე თქმით, ამ გამოცდას თავი წარმატებით გაართვეს.

ქვეყანა 2021 წელს ახალი იმედებითა და განსხვავებული სურვილებით ხვდება. სწორედ ეს წელი იქნება გადამწყვეტი იმ პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც შესაძლოა გაზაფხულზე მასშტაბური საპროტესტო აქციებით გაგრძელდეს. იქნება თუ არა ეს წელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომტანი ჯერ უცნობია,  თუმცა უკვე ცნობილია, რომ სულ რამდენიმე თვეში პარტიები თვითმართველობის არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები