ახალი წლის დადგომამდე 2 დღით ადრე საქართველოს ყველა მოქალაქეს ელექტროენერგიის ტარიფი უძვირდება | 29.12.2020

ახალი წლის დადგომამდე 2 დღით ადრე საქართველოს ყველა მოქალაქეს ელექტროენერგიის ტარიფი უძვირდება. რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ სემეკმა სამომხმარებლო ტარიფი სამ-ნახევარი თეთრით, ხოლო არასაყოფაცხოვრებო გადასახადადი 11-დან 14 თეთრამდე გაზარდა. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ამბობს, რომ კომისიამ მსჯელობის პროცესში ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო, ამიტომ “თელასისა” და “ენერგო პრო ჯორჯიას” მოთხოვნილი ყველა ხარჯის გათვალისწინება ვერ მოხერხდა.

სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები არიან თავად ის კომპანიები, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ეკონომიკურ კრიზისზე ღიად ალაპარაკდნენ. სხდომაზე მისულებმა დღეს არ დამალეს, რომ მათ მიერ შეთავაზებული პირობები, რომლის მიზანიც მდგომარეობის გამოსწორება იყო, კომისიამ უგულებელყო და სრულად არ გაითვალისწინა.

სხდომა, რომელზეც სემეკმა ქვეყანაში შექმნილი მწვავე სოციალური მდგომარეობის ფონზე ქართველ ხალხს დენის ტარიფი მაინც გაუზარდა, დღეს აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ტარიფების ზრდა სხდომის პარალელურად ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა გააპროტესტა და ფასის მატებაზე პასუხისმგებლობა საზოგადოების იმ ნაწილს დააკისრა, რომელმაც ოცნების გუნდი ხელისუფლებაში მოიყვანა.

გადაწყვეტილება, რომელიც მოქალაქეების ცხოვრებას კიდევ უფრო მეტად გაართულებს – ასე აფასებენ ოპოზიციაში ელექტროენერგიაზე გადასახადის მატებას და მთავარ პასუხისმგებლობას ისევ ხელისუფლებას აკისრებენ. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ქვეყანა ტარიფის დრამატულად მატებამდე ივანიშვილის გუნდის არასწორი პოლიტიკის გამო მივიდა.

საქართველოს ხელისუფლება კი მოქალაქეებს ისევ ამშვიდებს და გაზრდილი გადასახადის სუბსიდირებას ისევ ხალხის ფულით აპირებს. ქვეყნის პრემიერმა, გიორგი გახარიამ დღეს პირობა დადო, რომ 1 წლის განმავლობაში ყველა მოქალაქეს და კომპანიას ტარიფებს შორის სხვაობა სუბსიდირებული იქნება, რაც მათ მძიმე ტვირთად არ დააწვება.

ხელისუფლება ხალხისთვის დენის ხარჯების გადახდას ისევ ხალხის ფულით აპირებს, თუმცა რა მოხდება მაშინ, როცა სუბსიდირების პროგრამა შეწყდება – ეს ამ ეტაპზე გაურკვეველია. მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ გაზრდილი ტარიფი ბუნებრივად გამოიწვევს სხვადასხვა სახის პროდუქტის, პირველ რიგში კი პურის გაძვირებას.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები