პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გახარიას დღეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფორმატში მოუსმინეს | 23.12.2020

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დღეს ფრაქცია “ქართული ოცნების” ფორმატში მოუსმინეს. მთავრობის დამტკიცებამდე გიორგი გახარიამ დეპუტატებს  სამთავრობო პროგრამა წარუდგინა. მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა სიტყვით გამოსვლა პანდემიაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ მომავალი წელი მძიმე და გამოწვევებით სავსე იქნება. პრემიერობის კანდიდატის შეფასებით ეს  აორმაგებს როგორც მთავრობის ისე პარლამენტის პასუხისმგებლობას, რომელსაც მისი თქმით ჯანსაღი ოპოზიცია ჯერ კიდევ არ ჰყავს. გახარია ამბობს, რომ არსებული გამოწვევების გათვალისწინებით ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიც შეაფასა. მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელის თქმით,  “ქართული ოცნების” მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ქვეყანაში საარჩევნო პროცესი ბევრად უფრო დემოკრატიული გახდა, რის შედეგადაც მეათე მოწვევის პარლამენტში პირველად 9 პოლიტიკური პარტია მოხვდა, ამიტომ გიორგი გახარიასთვის გაუგებარია რატომ არ იყენებს ოპოზიცია დემოკრატიზაციის ამ მიღწევას. გახარია ამბობს, რომ ოპოზიციის ბოიკოტს ყველაზე კარგად მომდევნო არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა შეაფასებს.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა. “ქართული ოცნების” წევრები დაინტერესდნენ როდის ექნება ქვეყანას კორონავირუსის ვაქცინა. გახარია ამბობს, რომ ვაქცინა  ქვეყანაში უახლოეს პერიოდში შემოვა, თუმცა მისი თქმით ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინაციით პანდემია დასრულდება.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასების კლებაც დააანონსა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების ჯიბიდან გადახდა უნდა შემცირდეს, რაც ჯანდაცვის სისტემის პირველი და პრიორიტეტული ამოცანა იქნება. გიორგი გახარიას თქმით ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უახლოეს პერიოდში გადაიდგმება.

“ქართული ოცნების” დეპუტატებმა პრემიერობის კანდიდატს კითხვა ლარის კურსთან დაკავშირებითაც დაუსვეს. გიორგი გახარია ამბობს, რომ ლარის არაპროგნოზირებადი რყევებისგან დასაცავად ეროვნულ ბანკს საკმარისი რესურსი გააჩნია. გრძელვადიან პერსპექტივაში კი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება.

მეათე მოწვევის პარლამენტი ახალ მთავრობას ნდობას ხვალ პლენარულ სხდომაზე გამოუცხადებს. მომავალი მინისტრთა კაბინეტი თითქმის უცვლელია. მთავრობის ახალ შემადგენლობაში მხოლოდ იუსტიციის მინისტრი იცვლება. ამ პოსტზე გიორგი გახარიამ პარლამენტს გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა შესთავაზა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები