მოქალაქეების იმედად დარჩენილი კლინიკები – კოვიდსტატისტიკა ქვეყანაში კი ისევ მზარდია | 15.12.2020

მოქალაქეების იმედად დარჩენილი კლინიკები. კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მზარდი ნაკადის გამო, რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო დახმარებას კორონავირუსისგან განკურნებულ მოქალაქეებს თხოვს. იმ ფონზე როცა ჯანდაცვის მინისტრი თითქმის ყოველ დღე ამტკიცებს, რომ ქვეყანაში არც საწოლების და არც სამედიცინო პერსონალის დეფიციტი არ არის, ირკვევა, რომ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო, მედპერსონალის განახევრებული რაოდენობის გამო, ვირუსთან ბრძოლას ვეღარ ახერხებს. განცხადება კლინიკამ სოციალურ ქსელში გაავრცელა, თუმცა ეს განცხადება სოციალურ ქსელში უკვე აღარ იძებნება.

კოვიდ სტატისტიკა ქვეყანაში კი ისევ მზარდია. კორონავირუსს ბოლო 24 საათში კიდევ 44 პაციენტი ემსხვერპლა. ინფექციით სულ 1883 ადამიანია გარდაცვლილი. კოვიდინფიცირებულებს გასულ დღე-ღამეში 3837 ადამიანი შეემატა, ინფიცირების საერთო მაჩვენებელი კი 195 000-მდეა. ინფიცირებული მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 438 პირი იმყოფება. ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი ისევ დედაქალაქში ფიქსირდება. მეორე ადგილზე კი აჭარის ნაცვლად იმერეთია.

იზრდება ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. ასეთი 24 საათში 3 105 პირია, ხოლო ჯამში განკურნებულთა რაოდენობა 164 786-მდე გაიზარდა. კორონავირუსი დაამარცხა კახი კავსაძემ. მსახიობი საავადმყოფოდან უკვე გაეწერა და სარეაბილიტაციო პერიოდს სახლის პირობებში გადის. ვირუსისგან განიკურნა კახი კავსაძის ძმა და მისი მეუღლეც.

მსოფლიოში კი უკვე კორონავირუსით 73 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, მათგან 51 მილიონზე მეტმა ინფექცია დაამარცხა, ხოლო მილიონ 600 000-ზე მეტი გარდაიცვალა. ბრიტანეთის შემდეგ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო ამერიკასა და კანადაში. გაერთიანებულ სამეფოში კი კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზიაცია ინფორმირებულია. კორონავირუსის ახალი სახეობის 1000-ზე მეტი შემთხვევა ქვეყნის 60-ზე მეტ სხვდასხვა რეგიონში დაფიქსირდა. BBC-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ვარაუდი იმისა, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა უფრო მწვავე დაავადებას იწვევს  უსაფუძვლოა.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო 5 კვირიანი საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა ნიდერლანდებში. შეზღუდვები ხვალიდან ამოქმედდება ლონდონსა და ბრიტანეთის ორ საგრაფოში, სადაც დაიხურება დაწესებულების უმრავლესობა და ღია სივრცეში აიკრძალება 6-ზე მეტი ადამიანის შეკრება. დღეიდან სკოლები დაიხურა სამხრეთ კორეის დედაქალაქსა და მის შემოგარენში. ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით საახალწლოდ 31 დეკემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით საყოველთაო კარანტინი გამოცხადდება თურქეთში.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები