„გირჩი“ იშლება – უცნობია, ვინ დარჩება და ვინ წავა „გირჩიდან“ და როგორ გააგრძელებს პარტია მუშაობას | 04.12.2020

პარტია,  რომელმაც  საპარლამენტო არჩევნებში თითქმის სამი პროცენტი მიიღო, იშლება. ზურა ჯაფარიძემ  დღეს დილით  “გირჩის”  დახურულ ჯგუფში მხარდამჭერებს აცნობა, რომ თანაგუნდელებს ემიჯნება. ჯაფარიძეს მიზეზი არ განუმარტავს თუმცა ამბობს, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად “გირჩის კეთებას აღარ აპირებს”.

“მოკლე ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ:  სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო.  მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო.  არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს, სამწუხაროდ ხდება ასეთი რაღაცეები ცხოვრებაში. წარმატებას ვუსურვებ სამივეს, მჯერა რომ ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლიათ.  ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო, ზუსტად მესმის რომ მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა.  გაჩერებას არ ვაპირებ, “გირჩის” მთავარი ბრძოლები წინაა,” – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

უკავშირდება   თუ არა  “გირჩის” წევრებს შორის დაპირისპირება მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლის საკითხს,  ამაზე ღიად არავინ საუბრობს. თუმცა, ვახტანგ მეგრელიშვილი რომელთანაც ზურა ჯაფარიძე თანამშრომლობას აღარ აპირებს, ამბობს,რომ  პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით პარტიაში ერთიანი პოზიცია იყო და განხეთქილების  მიზეზი მისთვის უცნობია.  როგორც აღმოჩნდა, “გირჩის” ლიდერებისთვის ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

პოლიტიკური განხეთქილების  კიდევ ერთ სავარაუდო მიზეზად გირჩის ერთ-ერთი წევრის იაგო ხვიჩიას ბოლოდროინდელი განცხადებები სახელდება. თუმცა  როგორც ჯაფარიძე, ისე ხვიჩია დაპირისპირების მიზეზად სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსს არ განიხილავს. 29 ნოემბერს ხვიჩია შინაგან საქმეთა  სამინისტროს მიერ იმ პირის დაკავებას გამოეხმაურა, რომელმაც    არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფია შეიძინა.  “პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს” – ხვიჩიას ამ სტატუსს სოციალურ ქსელშივე, მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ამ დრომდე ბუნდოვანია,  როგორ გააგრძელებს პარტია მუშაობას, უცნობია ისიც ვინ დარჩება და ვინ წავა “გირჩიდან”.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “გირჩმა” ხმების 2,89% და  4 მანდატი მიიღო. თუმცა პარტია საერთო ოპოზიციურ ბოიკოტს შეუერთდა და უარს აცხადებდა პარლამენტში შესვლაზე. ხმების ამ რაოდენობით, პარლამენტის დეპუტატები ხდებოდნენ: ზურა ჯაფარიძე, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და სალომე მუჯირი. შეიცვლება თუ არა პარტიის გეგმები ლიდერების  განხეთქილების შემდეგ, ჯერჯერობით  უცნობია.  პარტიაში კონსულტაციები მიმდინარეობს.