მოსამართლე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას ჩქარობს | 04.12.2020

მოსამართლე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას ჩქარობს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე  ახალგაზრდა ფეხბურთელის  განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატებმა  ისაუბრეს.  ამბობენ, რომ მოსამართლემ პროცესები კვირაში 2 დღის ნაცვლად, 3 დღე ჩანიშნა. ადვოკატები ეჭვობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და მის აღსრულებას დაჩქარებულ რეჟიმში ცდილობს.

ბრალდებულთა ინტერესების დამცველები აპროტესტებენ, მოსამართლის  იმ გადაწყვეტილებასაც, რომლის მიხედვითაც დანაშაულში მხილებულ პირებს სახაზინო ადვოკატები დაენიშნათ.

ადვოკატებისთვის მიუღებულია  ბრალდების მხარის პოზიციაც, რომ დაცვის მხარე პროცესის გაჭიანურებას ცდილობს. ადვოკატები განმარტავენ,  რომ  მხარეებს განესაზღვრათ მოწმეების გამოკითხვის დროც და მოკლებული არიან საშუალებას, რომ გახმაურებული საქმის ფიგურანტი პირები  ამომწურავად გამოკითხონ.  ადვოკატები სახალხო დამცველს საქმეში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებენ.

პროკურატურამ გიორგი  შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ხუთ პირს  ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმა. ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძესა და არასრულწლოვნებს, ზ.ხ.-და და ა.ქ.-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება.  საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, სწორედ ეს პირები გაუსწორდნენ ფიზიკურად გიორგი შაქარაშვილს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს. ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი 22 ივნისს, 4 დღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები