“ივანიშვილი მოქმედებს როგორც ტერორისტი” – სამართლებრივი თავგადასავალი გრძელდება | 02.12.2020

თვითიზოლაცია შესაძლოა ისევ გაგრძელდეს.  რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული გიგი უგულავა კვლავ ციხეში დაბრუნების  საფრთხის ქვეშ დადგა. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერს  საქალაქო სასამართლოდან  დაუკავშრდნენ და პროცესი 10  დეკემბერს ჩაინიშნა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა,რომ  კორონაპანდემიის გამო სასამართლო განხილვა გადაიდო. საქმე, რომლის ფარგლებშიც უგულავა ჯერ კიდევ 2014 წელს იყო ბრალდებული,  ერთ-ერთი კომპანიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ე.წ. შავი ფულის შემოტანას  ეხება. გამოძიების მტკიცებით, თანხა შემდგომში   “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას უნდა მოხმარებოდა. გიგი უგულავა ამ საქმის მოსმენის განახლებას პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.

ციხიდან გიგი უგულავასთან ერთად გამოსული ირაკლი ოქრუაშვილიც სასამართლო დარბაზში ბრუნდება.   გამარჯვებული საქართველოს ლიდერს ჯერ კიდევ 20 ივნისის საქმეზე დაკავების შემდეგ  ბრალი ბუტა რობაქიძის საქმეზე წარუდგინეს. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. ოქრუაშვილის ადვოკატი განმარტავს, რომ პროცესის ჩანიშვნით, სამართლებრივი ნორმა არ ირღვევა, თუმცა, კითხვები ჩნდება.  მამუკა ჭაბაშვილისთვის საეჭვოა სასამართლო პროცესების,  არჩევნებიდან მალევე განახლება.

სამართლებრივი  თავგადასავალი გრძელდება.  სასამართლო პროცესი გაანხლდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარისთვისაც. ნიკა მელიას 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებიან.   ამ საქმეზე ნიკა მელიას ბრალი 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს. თუმცა პოლიტიკური ლიდერი გამოძიების წინააღმდეგ წავიდა და 2020 წლის1 ნოემბერს სამაჯური  აქციაზე მოიხსნა და ხალხში გადააგდო.

პოლიტიკური ლიდერების  პროცესების პარალელურად,  სასამართლოში ბრუნდება ე.წ. “რუსთავი 2”-ის საქმე.   ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით “რუსთავი 2”-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.  ნიკა გვარამიას, ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლებაც შეზღუდული აქვს.

ნიკა გვარამიას, გიგი უგულავას, ირაკლი ოქურაშვილის და ნიკა მელიას შემდეგ, დღის წესრიგში კიდევ ერთი გახმაურებული საქმე დგას. ლელოს ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ მომდევნო დღეებში სასამართლოდან მათაც დაურეკონ. თიბისი ბანკის საქმეზე მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრებას ედავებიან.

სასამართლოში  ჩანიშნული პროცესების პარალელურად ოპოზიციის წევრები დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ და საერთაშორისო პარტნიორებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, პოლიტიკური მართლმსაჯულების შეწყვეტა ერთ-ერთი პირობა იყო, რომელიც 8 მარტს ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორებს მისცა.

პოლიტიკური რესპრესიები ამ ეტაპზე გაურკვეველი ვადით გადაიდო, თუმცა  პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ  ბიძინა  ივანიშვილის ხელისუფლება  დაჭერების მორიგ სერიას მალე დაიწყებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები