ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 4000-ზე მეტია | 02.12.2020

რატომ შეფერხდა კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას გადაყვანა კლინიკაში და რატომ არ დატოვეს ის იმ საავადმყოფოში, სადაც დიაგნოსტიკისთვის  იყო მიყვანილი – კითხვებს პასუხები მას შემდეგ გაეცემა, რაც  რეგულირების სააგენტო საკითხის შესწავლას დაასრულებს. პასუხებს ელოდება ჯანდაცვის მინისტრიც, რომელიც თემას, კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა. კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას ოჯახი ამბობს, რომ გოგონა უყურადღებობის მსხვერპლია. მათი თქმით, 19 წლის გოგონა კლინიკაში ადგილების არ არსებობის გამო იქამდე არ გადაიყვანეს, სანამ მისი მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდა.

კოვიდსტატისტიკა კი ქვეყანაში ყოველდღურად მძიმდება. საქართველოს ადგილი მსოფლიო რეიტინგში  ისევ გაუარესდა და ქვეყანამ  48-ე ადგილზე გადაინაცვლა. ბოლო 24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევები 4000-ზე მეტია, ხოლო კოვიდინფექციამ გასულ დღე-ღამეში კიდევ 39 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით, ჯანდაცვის სისტემა დღეში 4-და 5 ათას შემთხვევას არ პროგნოზირებდა, თუმცა  ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ  სისტემაში ხარვეზები არის და  ექიმები სიტუაციას გმირულად უძლებენ.

ეპიდემიის ეპიცენტრი ისევ დედაქალაქია 1705 ახალი შემთხვევით. თბილისის შემდეგ ცხელ წერტილება აჭარა და იმერეთი რჩება. ზღვისპირა რეგიონში ამ დროისთვის კოვიდინფექციას 6 047 პაციენტი ებრძვის, მათგან 48 კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა. აჭარაში COVID-19 სულ 20 112-მა პაციენტმა დაამარცხა.

დღეიდან პირველ თებერვლამდე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ტესტირება ფართოვდება. გამოყენებულ იქნება როგორც სწრაფი, ასევე PCR ტესტები. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.  სახელმწიფო დღეში, დაახლოებით, 20 ათას ტესტს გააკეთებს, რასაც კერძო ლაბორატორიებისა და კლინიკების მიერ გაკეთებული ტესტების რაოდენობა დაემატება. ფართოვდება ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების გამოყენებაც, რომლის პასუხის მიღება შესაძლებელი იქნება ტესტის ჩატარებიდან 20 წუთის განმავლობაში. ტესტირების გაფართოების მიზანი ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენა და დროული რეგარიებაა.

დღესვე გაირკვა, რომ  საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების წესი მარტივდება.  უცხო ქვეყნიდან საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები კარანტინში აღარ მოხვდებიან, თუმცა მათ თვითიზოლაციაში ყოფნა მაინც მოუწევთ. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქე წარადგენს PCR ტესტს, რომელიც ბოლო 72 საათში ჩაიტარა, ის 8-დღიან თვითიზოლაციაში გადავა. თუ მოქალაქე ტესტირების პასუხის გარეშე დაბრუნდება ქვეყანაში, ის 12-დღიან თვითიზოლაციაში გადავა. ასევე შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის.

დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსი  4 061-მა პირმა დაამარცხა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 121 621-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, კოვიდსასტუმროში 3 798 ადამიანია მოთავსებული, 10 192 პირი მკურნალობს კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები