გაიზრდება თუ არა დამნაშავეთა წრე ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე, პროკურატურა გამოკითხვებს აგრძელებს | 01.12.2020

გაიზრდება თუ არა დამნაშავეთა  წრე ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე –  პროკურატურა გამოკითხვებს აგრძელებს. ამჯერად  საგამოძიებო უწყება  საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის ინფორმაციით დაინტერესდა. საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი პროკურატურაში  მოწმის სახით დაიბარეს.

გახმაურებულ საქმეს ამ ეტაპზე ორი ბრალდებული ჰყავს.  პროკურატურის ინფორმაციით,  წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებას ადვოკეტები სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ.

კარტოგრაფების საქმე შეისწავლა  “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა”. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ წარდგენილი ბრალი დაუსაბუთებელია ამიტომ, მნიშვნელოვანია ბრალდებულების მიმართ დევნა შეწყდეს. მათივე ინფორმაციით, საქმეში ჩანს არსებითი შინაარსის ფაქტობრივი და სამართლებრივი შეუსაბამობები და იკვეთება შეუსწავლელი გარემოებები, რაც პროკურატურის მხრიდან მნიშვნელოვანი გარემოებების განზრახ უგულებელყოფის ეჭვს ბადებს.

საქალაქო სასამართლოში გუშინ გამართულ სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა. იურისტები ამტკიცებენ, რომ სადავო რუკები, რომლის დამალვას და გამოუყენებლობასაც დაკავებულებს ედავებიან, კარტოგრაფიულად უვარგისია.  ამ ექსპერტიზის დასკვნის ავტორი გიგი უგულავას ძმა, ირაკლი უგულავაა. სწორედ ამიტომ დაცვის მხარის ერთგვარი მტკიცებულება გარკვებული ჯგუფისთვის საეჭვოა.  კარტოგრაფების საქმის უკან კვლავ პოლიტიკურ ინტერესს ხედავს ოპოზიცია. მმართველ გუნდში კი  ამბობენ, რომ ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც  ამ საქმეში გამოიკვეთება, კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს.

საქართველოს მიწების გასხვისების ბრალდებით დააკავებულ  პირებს ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. პროკურატურის ინფორმაციით საქართველო-აზერბაიჯანის  საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის შემსწავლელი კომიიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და  მელაშვილი საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებს იყენებდნენ, რომლებზეც  დატანილი საზღვრის ხაზები, არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს. მთავარ საგამოძიებო უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ  საქმეზე ყოფილი, თუ მოქმედი თანამდებობების პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები