ფიტნესკლუბი,რომელიც ზურა ჯაფარიძემ საცხოვრებელ ფართად იქირავა, პოლიციამ იძულებით დალუქა | 30.11.2020

ფიტნესკლუბი, რომელიც ზურა გირჩი ჯაფარიძემ საცხოვრებელ ფართად იქირავა, პოლიციამ იძულებით დალუქა. “გირჩის” ლიდერი თავს დაზარალებულად მიიჩნევს და ამბობს,რომ  გუშინ საკუთარი ბინიდან უსაფუძლოდ გამოაგდეს. ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბი “რეფორმერ ფიტნესი” საცხოვრებელ სახლად ჯაფარიძემ მას შემდეგ იქირავა, რაც შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა. ზურა ჯაფარიძე განმარტავს, რომ კორონაპანდემიის გამო დაწესებული მკაცრი რეგულაციების შედეგად საქართველოში უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა, ფიტნეს კლუბის ქირაობა კი მისი პროტესტის ფორმაა.  “გირჩის” ლიდერი ვარჯიშის მსურველებს, სახლში ეპატიჟებოდა.

ხმაურიანი ღამის შემდეგ, “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ობიექტის მფლობელი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხეს. ისინი დაკითხვაზე მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც არაერთი გაფრთხილებისა და ჯარიმის შემდეგაც, ფიტნეს კლუბი პოლიციამ მაინც იძულებით დალუქა.

“რეფორმერ ფიტნესში” ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებს  შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა. უწყება განამრტავს,რომ “რეფორმერი ფიტნესი” არ დაემორჩილა შეზღუდვებს და გააგრძელა სპორტული/სავარჯიშო დარბაზის ფუნქციონირება, რის გამოც 10 000 ლარით დააჯარიმეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, კომპანია კვლავ აგრძელებდა აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, რის გამოც, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით დაიწყო. ამ მუხლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.