ხმაური და დაპირისპირება აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე | 30.11.2020

ხმაური და დაპირისპირება აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე დღეს დილიდან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ერთ-ერთი ბოლო ინციდენტი კი  იმ დროს მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეები მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას და შენობაში შესვლას ითხოვდნენ. პოლიციის უარს დაპირისპირება მოჰყვა.

დაპირისპირების მიზეზი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის მიერ საცხოვრებელ სახლში შესვლის მცდელობაც გახდა.ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებდა, რომ აჭარის მთავრობის სახლთან მდებარე კორპუსში ბინა აქვს ნაქირავები, მას მედიკამენტის მიღების დრო ჰქონდა, თუმცა პოლიციამ სახლში შესვლის უფლებას არ მისცა.

სამართალდამცავებმა დაპირისპირების დროს დააკავეს ერთი პირი, ხოლო, ერთი მამაკაცი დაშავდა და ის სამედიცინო განყოფილებაში გადაიყვანეს.რაც შეეხება დაკავებულს, ის ოპოზიციის მხარდამჭერი ირაკლი  ჩხვირკვია. მას წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

დაპირისპირების პარალელურად, მთავრობის ადმინისტრაციასთან მოძრაობა “იმოქმედეს” წევრებმა აქცია-პერფორმანსი მოაწყეს. ჰელიუმის ბუშტებზე წარწერები გააკეთეს და თორნიკე რიჟვაძის კაბინეტის ფანჯარასთან აუშვეს.

ოპოზიციონერი დეპუტატები  სოციალურ პრობლემებს აპროტესტებენ. ამბობენ, რომ  დღეს  აჭარის მთავრობის სახლთან სავაჭრო ჯიხურებს განათავსებენ. ამ ფორმით ისინი, შემოსავლის გარეშე დარჩენილ თვითდასაქამებულებს საკუთარი პროდუქციის გაყიდვაში ხელს შეუწყობენ. ხელისფულების ოპონენტები პანდემიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს ე.წ. “თავისუფლების კვარტალში” ეპატიჟებიან.

შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის სახლთან, გუშინ, აქციის პარალელურად, ოპოზიციის წევრებმა სწრაფი კვების კონტეინერიც განათავსეს. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები, ახალი ინიციატივაც გააჟღერეს, ისინი აპირებენ სახალხო მერია დააფუძნონ, რომელიც მათივე თქმით, მოქალაქეებს სოციალური პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები