საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში რჩებიან | 30.11.2020

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადასინჯა და ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა, ბრალდებულები სასამართლოს დისტანციურად დაესწრნენ. საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილის განცხადებით, მას დღეს სახელმწიფო ბრალდებისგან ახალი არაფერი მოუსმენია. როგორც სასამართლო პროცესზე მელაშვილმა განმარტა, მას აინტერესებს, საგამოძიებო ორგანომ შესაძლო დანაშაულის მოტივი დაადგინა თუ არა.

ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს პირად თავდებში 200-ზე მეტი ადამიანი უდგებოდა, მათ შორის იყვნენ  პოლიტიკოსებიც. გარდა ამისა,  დაცვის მხარემ წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა. იურისტები ამტკიცებენ, რომ სადავო რუკები, რომლის დამალვას და გამოუყენებლობასაც დაკავებულებს ედავებიან, კარტოგრაფიულად უვარგისია. სასამართლო გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ივერი მელაშვილის ოჯახისთვისაც.

დაცვის მხარისგან განსხვავებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია პროკურატურა. ბრალდების მხარის შეფასებით, მელაშვილი ილიჩოვას გათავისუფლების შემთხვევაში, მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე არსებობდა.

საქართველოს მიწების გასხვისების ბრალდებით დააკავებულ  პირებს ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. პროკურატურის ინფორმაციით,  წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება. მთავარ საგამოძიებო უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ  საქმეზე ყოფილი, თუ მოქმედი თანამდებობების პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები