კორონავირუსის მაჩვენებელი ქვეყანაში ისევ საგანგაშო ნიშნულზეა | 24.11.2020

კორონავირუსის მაჩვენებელი ქვეყანაში ისევ საგანგაშო ნიშნულზეა. მართალია დღეს 3128 ახალი, შედარებით მცირე, შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა ეს იმ ფონზე, როდესაც ბოლო დღეებში ტესტირების რაოდენობა შემცირდა. ინფიცირებულთა რაოდენობა რომ გაცილებით მეტია, ვიდრე ეს დღიურ სტატისტიკაში წერია, ადასტურებს ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ სტატისტიკაში  ის ადამიანები, რომელთაც ინფექცია უსიმპტომოდ გადააქვთ და ტესტს არ იტარებენ,  ვერ ხვდებიან. გამყრელიძე ახალი შემთხვევების და სიკვდილიანობის ზრდას დეკემბრის პირველ კვირაში ვარაუდობს და  ამბობს, რომ აუცილებელია არსებული რეგულაციების აღსრულების გამკაცრება და ახალი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება. რაც შეეხება  ვაქცინას, გამყრელიძის თქმით კორონავირუსზე ვაქცინაცია მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყება, თუმცა პირველ რიგში, სავარაუდოდ სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან.

ქვეყანაში სასუნთქი აპარატებისა და საწოლფონდის მარაგი უკვე ამოწურულია. მძიმე პაციენტების რაოდენობა კი დღითიდღე რეკორდულად იზრდება. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 413 პაციენტია, ხოლო 1000-მდე გაიზარდა მძიმე მდგომარეობაში მყოფი კორონაპაციენტების რაოდენობა. თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ამტკიცებს, რომ არათუ საკმარისი საწოლები, არამედ წინა თვესთან შედარებით დამატებითი საწოლფონდია მობილიზებული. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ  საველე ჰოსპიტლების მოწყობის საკითხი არც კი განიხილება.

ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების მიუხედავად მთავრობა ახალ შეზღუდვებს ჯერ არ აწესებს. COVID-19-ის წინააღმდეგ მთავარ იარაღად მხოლოდ სამოქალაქო პასუხისმგებლობა რჩება. დღეს გაირკვა, რომ ლოკდაუნი არ იქნება, მაგრამ უახლოეს ორ დღეში დაწესდება წერტილოვანი შეზღუდვები.  იგეგმება გადაადგილების აკრძალვაზე საათების ხანგრძლივობის გაზრდა, სავაჭრო ობიექტებს კი შესაძლოა კონკრეტულ დღეებში მუშაობა შეეზღუდოთ. გააქტიურდება პირბადის მოხმარებაზე ადმინისტრაციული კონტროლი.

იმ ფონზე, როდესაც მთავრობა შექმნილი ვითარებიდან  გამოსავალზე ჯერ კიდევ მსჯელობს, ვირუსს დღეში ათობით ადამიანი ეწირება. კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმის სიცოხლე ემსხვერპლა. COVID-19-ით ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს 55 წლის ექიმი, ბენო ჭელიძე გარდაიცვალა. მას ინფექცია 19 ნოემბერს დაუდგინდა. ბენო ჭელიძე ჯანდაცვის სისტემაში არსებულ  პრობლემებზე ღიად საუბრობდა. აჭარაში კორონავირუსით გასული 24 საათის განმავლობაში ათი პაციენტი გარდაიცვალა. მათი ასაკი 46-დან 86 წლამდეა.

გასულ დღე-ღამეში კოვიდინფექციით ქვეყანაში კიდევ 39 პაციენტი დაიღუპა. სულ გარდაცვლილია 1051 პირი.  ბოლო 24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი 1504 ფაქტი ისევ დედაქალაქში დაფიქსირდა.  თბილისის შემდეგ წითელ ზონებად აჭარა და იმერეთი რჩება. ქვეყანაში სულ 111 818 პირია ინფიცირებული.

იზრდება ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვიც. გასულ დღე-ღამეში ინფექცია 3045-მა პაციენტმა დაამარცხა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა  92 215-მდე გაიზრადა. ამ დროისთვის კოვიდ სასტუმროში 3739 პაციენტი იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში 53 352 ადამიანი რჩება.