ოპოზიციური სპექტრი მოლოდინის რეჟიმშია – რა მოხდება თუ ივანიშვილის გუნდი დათმობაზე არ წავა | 24.11.2020

ოპოზიციური სპექტრი მოლოდინის რეჟიმშია – მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, რომელიც შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გაიმართება. ოპოზიცია იმედოვნებს, რომ დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით “ქართულ ოცნებასთან” დაწყებული დიალოგი შედეგს მოიტანს და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. ამბობენ, რომ წარმატების იმედი აქვთ, რადგან  საზოგადოებას “ოცნების” გუნდის უკან დახევა არაერთხელ უნახავს.

რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ივანიშვილის გუნდი დათმობაზე არ წავა და მოლაპარაკების პროცესს ჩაშლის – ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი მათ საარჩევნო სიებს გაანულებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ “ოცნება” პარლამენტში არ შესულ დეპუტატებს სხვა წევრებით ვეღარ ჩაანაცვლებს. ოპოზიციის პროგნოზით “ქართული ოცნება” ზეწოლას და კრიზისს ვერ გაუძლებს და საბჭოთა სტილში შეკრებილი პარლამენტის სახლში გაშვება მოუწევს.

მოლაპარაკებების მესამე რაუნდის წინ ქვეყანაში შექმნილ რთულ მდგომარეობას საერთაშორისო პარტნიორები სულ უფრო აქტიურად ეხმაურებიან. ევროპარლამენტარება განცხადება გაავრცელეს, რომელშიც იმედს გამოთქვამენ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა პარლამენტში საკუთარ სავარძლებს დაიკავებს. ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებიც.

ოპოზიციისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის გამოუხმაურება მოულოდნელი არ აღმოჩნდა, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს დიპლომატებისთვის დამახასიათებელი სტილია. ამბობენ, რომ მთავარ გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი იღებს და ისინი არ აპირებენ იმ პარლამენტში შესვლას, რომელიც მხოლოდ ივანიშვილის გემოვნებითაა დაკომპლექტებული.

მოლაპარაკების მესამე რაუნდის შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე ისევ უცნობია რა შეთავაზებით მივა ოპონენტებთან “ქართული ოცნება” და გადაიჭრება თუ არა ქვეყანაში შექმნილი კრიზისი. ოპოზიციურმა გაერთიანებამ კი დღეს “ლელოს” ოფისში დაგეგმილი აქციების ფორმატზე იმსჯელა, თუმცა რა ფორმით ჩატარდება აქცია პარლამენტის შეკრების დღეს ეს ჯერ ისევ გადაუწყვეტელია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები