უცვლელი მოთხოვნები და მზადება მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის – დიალოგი დასკვნით ეტაპს უახლოვდება | 23.11.2020

უცვლელი მოთხოვნები და მზადება მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის – დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით მმართველ გუნდთან დაწყებული დიალოგი საბოლოო, დასკვნით ეტაპს უახლოვდება. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ გადამწყვეტ შეხვედრაზე ხელისუფლება გონიერებას გამოიჩენს და ოპონენტებთან გონივრული წინადადებით მივა, რაც პირველ რიგში ვადამდელი არჩევნების დანიშვნას გულისხმობს. ამბობენ, რომ კომპრომისისთვის მზად არიან, თუმცა არ აპირებენ, შეთანხმების მისაღწევად სასწორზე ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის უფლება დადონ.

ოპოზიციის ნაწილი შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავლად მე-9 მოწვევის პარლამენტისთვის უფლებამოსილების რამდენიმე თვით გაგრძელებას მიიჩნევს, რომელიც მომდევნო არჩევნებისთვის ყველა სადავო დეტალს მოაგვარებს. მათი აზრით, ახლა მთავარი “ქართული ოცნების” პოლიტიკური ნებაა, ყველაფერი დანარჩენი კი შეთანხმების ნაწილია.

ვიდრე მხარეები მრგვალ მაგიდას კიდევ ერთხელ მიუსხდებიან, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აფასებს. ვრცელ წერილში დიპლომატები იმედს გამოთქვამენ, რომ დაპირისპირებული მხარეები მორიგდებიან და პარლამენტში ყველა ძალა საკუთარ ადგილს დაიკავებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ისეთი პარლამენტია აუცილებელი, რომელიც პოლიტიკური პარტიებისთვის მთავარი სადებატო სივრცე იქნება.

რა შედეგს მოიტანს ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებები და შეიკრიბება თუ არა მე-10 მოწვევის პარლამენტი. არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების გამოცხადების შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” პირველი სხდომისთვის მზადება უკვე დაიწყო, სადაც ისინი მარტო, ოპონენტების გარეშე ისხდებიან.