ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა | 23.11.2020

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. მეზვრიშვილი მადლობას უხდის თანამშრომლებს, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და პრემიერ  გიორგი გახარიას.

“13 წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას – გამორჩეული მადლობა გიორგი გახარიას, რომელმაც მისთვის სრულიად უცხო ადამიანს ნდობა გამომიცხადა და ბევრი კარგი საქმის კეთების შესაძლებლობა მომცა”, – წერს მეზვრიშვილი.

რატომ დატოვა ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი უცნობია. მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები მედიაში უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად განიხილება. მეზვრიშვილის შემდეგ  თანამდებობას სავარაუდოდ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც  დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ტიკარაძის ადგილს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე დაიკავებს. პოლიტიკულ კულუარებში ამბობენ, რომ ტიკარაძის გადადგომის მიზეზი  კორონავირუსის  გაუარესებული ეპიდსიტუაცია ხდება.