ვიღაცამ ხმა თუ არ ამოიღო იღუპება საქართველო… – მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელი | 23.11.2020

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის დედა, ლამარა ტერელიძე ამბობს, რომ მიკროსაფინანსო  ორგანიზაციაში შეჭრილ მის შვილს ძალით არავინ დაუკავებია და მძევლადაც არავინ აუყვანია. პირიქით, ლევან ზურაბაშვილის დედის განმარტებით, ის ორგანიზაციაში მყოფ პირებს ეუბნებოდა, ტერიტორია დაეტოვებინათ.  ბრალდებულის დედა ამბობს, რომ მისი შვილის დანაშაულის უკან  მძიმე ცხოვრება დგას.

ლევან ზურაბაშვილს, რომელიც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას თავს დაესხა და 17 მძევალი აიყვანა, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  გადაწყვეტილება  საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო.

ბრალდებულისთვის  შემამსუბუქებელი გარემორბა ვერც ის მოთხოვნები გახდა,რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრისას გაახმოვანა. ლევან ზურაბაშვილი  დეპუტატების პარლამენტში შესვლას,  აზარტული თამაშების აკრძალვას,  სესხების წლიურ 7%–ში გადატანას და მედიკამენტებზე ფასების დაწევას ითხოვდა.  სწორედ ამ მოთხოვნებზე გაამახვილა ბრალდებულმა ყურადღება უკვე საკუთარ სასამართლო პროცესზე.

პროკურატურის მოთხოვნით საქმეზე დანიშნულია  ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას. პროკურორის განცხადებით, თუ დადგინდა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი  დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი იყო – ეს საქმის წარმოებაზე გავლენას იქონიებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დაცვის მხარე.  ადვოკატი ფიქრობს,რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, ლევან ზურაბაშვილის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა არ არსებობდა. სწორედ ამიტომ  დაკავებულის 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას  ითოხვდნენ.

ლევან ზურაბაშვილი 20 ნოემბერს, წერეთლის გამზირზე,  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისის” ერთ-ერთ  ფილიალში შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა. სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა.   ბალისტიკური კვლევის მიხედვით დადგინდა,  რომ ლევან ზურაბაშვილი შეიარაღებული ცეცხლსასროლი იარაღით არ ყოფილა,  შესაბამისად მას ეს მუხლი მოეხსნა. საგამოძიებო უწყება ბრალდებულს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას ედავება.  დანაშაული, რომლის ჩადენასაც 31 წლის მამაკაცს ედავებიან, 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები