მეორე ტური ოპოზიციის გარეშე – ქართული ოცნების ოპონენტები 21 ნოემბერს აქციას აანონსებენ | 19.11.2020

მეორე ტური ოპოზიციის გარეშე – ყველა პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” გარდა 21 ნოემბრის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციური გაერთიანების წევრები ისევ ღიად ამბობენ, რომ მეორე ტურებში მონაწილეობის არ მიღებით ისინი ივანიშვილის მიერ არჩევნების ტოტალურ მოპარვას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ და “ქართულ ოცნებას” საკუთარ თავთან მარტო დატოვებენ.

როგორი უნდა იყოს მეორე ტურების დღე ქვეყანაში და რა ფორმა ექნება ოპოზიციის პროტესტს – ხელისუფლების ოპონენტები თანხმდებიან, რომ ამომრჩევლისთვის ე.წ სირცხვილის კორიდორის მოწყობა არასწორი ნაბიჯი იქნება, ამიტომ მათი ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ათასობით ადამიანი უწყვეტ, ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებს.

მეორე ტურებისთვის გამოცხადებული საჯარო ბოიკოტის ფონზე ოპოზიცია იმ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ელოდება, რომელიც შესაძლოა, საბოლოო გამოდგეს. ოპოზიცია მზადაა კონკრეტული შეთანხმების გამო დათმობაზე წავიდეს და ხელახალი არჩევნების ნაცვლად ვადამდელი არჩევნები მოითხოვოს, თუმცა პარლამენტში შესვლას ისინი არცერთ შემთხვევაში არ განიხილავენ. უცვლელი რჩება ბოლო პირობაც – გადადგეს თამარ ჟვანია და ის ნდობოთ აღჭურვილმა საარჩევნო კომისიამ ჩანაცვლოს.

მეორე ტურამდე ორი დღით ადრე ოპოზიცია უპრეცენდენტო ერთიანობაზე საუბრობს, თუმცა “ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ ისინი არჩევნებისთვის ფარულად ემზადებიან. ოპოზიციური პარტიები ღიად ამბობენ, რომ პროტესტი და ბოიკოტის რეჟიმი გაგრძელდება მანამ, სანამ ივანიშვილის გუნდი დათმობაზე არ წავა და ქვეყანაში ვადამდელ ან ხელახალ არჩევნებს არ დანიშნავს.