რუსი ოლიგარქის მიერ მოპარული არჩევნები – საპროტესტო აქცია და გზავნილი სახელმწიფო მდივანს | 18.11.2020

რუსი ოლიგარქის მიერ მოპარული არჩევნები – ეს გზავნილი მაიკ პომპეოს, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა,  მდუმარე აქციით მიაწოდეს. ოპოზიციასთან შეხვედრა პომპეოს დღის წესრიგში არ ყოფილა, სწორედ ამიტომ,  მმართველი გუნდის ოპონენტებმა მხარდამჭერებთან და აქტივისტებთან ერთად, სტუმარს ხმა  სიმბოლური აქციით მიაწვდინეს. აქციაზე  შეკრებილებმა  რუსთველის გამზირის ტერიტორიაზე  ე.წ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და მოპარული ხმები ამ აქცია-პერფომანსით  გააპროტესტეს.

ოპოზიციის ლიდერები განმარტავენ, რომ დღევანდელი აქციის მიზანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანისთვის იმის ჩვენება იყო, თუ რა არაორდინალურ სიტუაციაშია ქვეყანა. განმარტავენ, რომ სახელმწიფო მდივნის მისალმებასთან ერთად, აქციით, საერთაშორისო მედიის ყურადღებაც მიიპყრეს და  საქართველოში მყოფი საერთაშორისო მედია ქართველების საპროტესტო ხმას პარტნიორებს უკეთ გააგონებს. ოპოზიცია იმეორებს, რომ მიზანი  და მოთხოვნა უცვლელია და ეს ახალი აპარლამენტო არჩვენების ჩატარებაა.

აქციაზე იმყოფებოდნენ რიგითი მოქალაქეებიც. ამბობენ, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ინფორმირება აუცილებელია, რადგან ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება გაყალბებულ არჩევნებს და ამ ბრძოლაში პარტნიორების ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ცოცხალი ჯაჭვის დაშლის შემდეგ,  აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტის შენობასთან მივიდნენ. ოპოზიციის ლიდერებმა აქციაზე მოსულ მოქალქეებს მადლობა გადაუხადეს და თქვეს, რომ მდიმარე აქციის მიუხედავად, მათ ხმა პარტნიორებს მაინც გააგონეს.

ოპოზიციის საპროტესტო აქცია მაიკ პომპეოს ვიზიტის დასრულების პარალელურად დამთავრდა. თუმცა ოპოზიცია პროტესტს მაინც აგრძელებს. ხელისუფლების ოპონენეტები საზოგადოებას ახსენებენ, რომ ვიდრე “ქართული ოცნება” ახალ არჩევნებს არ დანიშნავს, პარლამენტის წინ აქცები პერიოდულად მაინც გაიმართება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები