ქვეყანაში შექმნილი კრიზისი და არჩვენები – რა მოლოდინი აქვს ოპოზიციას პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით | 17.11.2020

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტს განსაკუთრებულად ელოდებიან ხელისუფლების ოპონენტები. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციას აინტერესებს რა გზავნილებით ჩამოდის მაიკ პომპეო და რა საკითხებს განიხილავს ის საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრების დროს.  პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ რეგიონში არსებულ ვითარებასთან ერთად განხილვის მთავარი თემა, შიდა პოლიტიკური საკითხები და 31 ოქტომბრის არჩევნები იქნება. ოპოზიცია თვლის, რომ მაიკ პომპეო ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ინფორმირებულია.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი აქციის ფონზე ჩაივლის. მოქალაქეები თბილისის ქუჩებში სოციალური დისტანციის დაცვით შეიკრიბებიან და მდუმარე აქციას გამართავენ. სწორედ დუმილით ეტყვიან მაიკ პომპეოს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები მოიპარა.

რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე მაიკ პომპეოს ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებენ მმართველ გუნდში. მათი თქმით სახელმწიფო მდივნის ქვეყანაში ჩამოსვლა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.  რაც შეეხება ოპოზიციის აქციას, “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ოპოზიციას პროტესტის გამოხატვის უფლეა აქვს, თუკი აქცია მშვიდობიანი იქნება.

ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ მაიკ პომპეოს კალენდარში საქართველო რეგიონში შექმნილი ვითარების გამო მოხვდა, თუმცა მოლოდინი აქვთ, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ხელისუფლებასთან შეხვედრების დროს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შეფერხების თაობაზეც ისაუბრებს. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების გზავილი იქნება ცალსახა და ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებისგან მეტი უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს, განსაკუთრებით იმ ფონზე როდესაც რეგიონში რუსეთის პოზიციონირება იზრდება.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ გამართავს, სწორედ ხვალ გახდება ცნობილი ის გზავნილები, რომლებსაც მაიკ პომპეო ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში გააჟღერებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები