განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე, მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა | 16.11.2020

თემქაზე მომხდარი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის ბრალდებულით დაკავებულ ნიკა ნარიმანიძეს, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ანა უთიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე, მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ გარდაცვლილის მხრიდან მიუღებელი შეთავაზება მიიღო, რამაც მისი აღელვება გამოიწვია. ნიკა ნარიმანიძე ამტკიცებს, რომ მოკლულმა შეურაცხყოფა მიაყენა.

საზარელი შემთხვევა თემქაზე 14 ნოემბერს  მოხდა. 36 წლის მიხეილ მელიქიშვილი ჯერ მოკლეს შემდეგ კი ცხედარი, კვალის დამალვის მიზნით, დააზიანეს. თავს გაქცევით უშველა სახლის მეპატრონემ, ლევან შაბურიშვილმა, რომელიც თავდამსხმელმა რამდენიმე ადგილას დაჭრა.  სწორედ მის სახლში მოხდა მკვლელობა. შემთხვევის დღეს  ბრალდებული, მეგობარ გოგონასთან და კიდევ ერთ ნაცნობთან ერთად შაბურიშვილის  საცხოვრებელ ბინაში სტუმრად იმყოფებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებას ჩხუბი მოჰყვა, რა დროსაც ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით ახალგაზრდებს სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ერთ-ერთმა გაქცევა მოასწრო, ხოლო მიხეილ მელიქიშვილი  მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.  გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ნიკა ნარიმანიძემ, კვალის დაფარვის მიზნით, შემთხვევის ადგილზე ხანძარი გააჩინა და თანმხლებ გოგონასთან ერთად მიიმალა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები