პირველი გამამტყუნებელი განაჩენი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე | 13.11.2020

პირველი განაჩენი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე.  მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 6 ბრალდებული არასრულწლოვანი დამნაშავედ სცნო და პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე მაია ოშხარელმა  ბრლადებულები ყველა წაყენებულ ბრალდებაში გაამტყუნა. ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ პირებს – ლაშა შერმადინს, ნიკოლოზ ცუცქირიძესა და გიორგი მერაბიშვილს ჯგუფურ ძალადობას, ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, აკაკი ქვრივიშვილს, ნიკოლოზ ქანაშვილს და ზ.ხ.-ს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ზ.ხ.-ს და აკაკი ქვრივიშვილს ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ, რაც დაზარალებულ გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების აღკვეთას მოიცავდა.  გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას ემოციურად შეხვდნენ ბრალდებულთა ახლობლები.

რამდენიმე თვიანი დახურული პროცესების მიმდინარეობისას, ყველა ბრალდებული ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა. არასრულწლოვნებიდან 2, ასევე, მკვლელობის ეპიზოდშიც ფიგურირებს. განაჩენის შემდეგ უცვლელი პოზიცია აქვთ  გახმაურებული საქმის ადვოკატებსაც. იურისტების განმარტებით, საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რომ 18 ივნისის  ღამეს არასრულწლოვნებმა ორგანიზებულად იმოქმედეს.  სწორედ ამიტომ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს მსჯავრდებულების ადვოკატები ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლო, განაჩენის გამოტანისას საზოგადოებივი აზრის გავლენის ქვეშ მოექცა, თუმცა ამ განცხადებას გახმაურებული საქმის პროკურორი არ ეთანხმება. ნანა გუგუტიშვილისთვის გაუგებარია, რატომ იყო უფლებადამცველებისთვის გამამტუნებელი განაჩენი მოულოდნელი.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანი იყო, ამჟამად კი, ყველა მათგანი, ზ.ხ.-ს გარდა, სრულწლოვანია. ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს  სასჯელს მცხეთის  რაიონული სასამართლო 20 ნოემბერს დაუნიშნავს. რამდენიმე ეპიზოდად დაყოფილი საქმის განხილვა კი გრძელდება.