აქვს თუ არა „ოცნებასთან“ დაწყებულ დიალოგს პერსპექტივა და ბრძოლის რა გზას ირჩევს ოპოზიცია | 13.11.2020

პოლიტიკური კრიზისის მე-12 დღეს ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ. მხარეები უკვე აღარ მალავენ, რომ შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი პირდაპირი დიალოგია, თუმცა “ქართული ოცნება” და ოპოზიცია ერთმანეთს ულტიმატუმებს უყენებს. დიპლომატიურ კორპსუსთან გუშინ გამართული რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერი ლიდერები ღიად ამბობენ, რომ შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ მმართველი გუნდი კომპრომისზე წავა და ქვეყანაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს.

რა თემები განიხილეს მხარეებმა დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე და დაუახლოვეს თუ არა პოზიციები ერთმანეთს – შეხვედრის მონაწილეები დეტალებზე არ საუბრობენ. მათი თქმით დასკვნების გაკეთება ადრეა, თუმცა იმედოვნებენ, რომ საბოლოოდ ივანიშვილის ხელისუფლება დათმობაზე მაინც წავა და ქართველი ხალხის აზრის გათავლისწინება მოუწევს. გარკვეულ კომპრომისზე წასასვლელად მზად არიან თავად ოპოზიციაში.

გუშინდელ შეხვედრას ვერ ესწრებოდნენ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ცესკოს სადავო მონაცემებით ბარიერს მიღმა აღმოჩდნენ. ისინი იმედს იტოვებენ, რომ მომდევნო შეხვედრაზე მონაწილეთა რიცხვი გაფართოვდება და დიპლომატიურ კორპუსს ისინი პირადად შეხვდებიან.

აქვს თუ არა გუშინ დაწყებულ დიალოგს პერსპექტივა და ბრძოლის რა გზას ირჩევს ოპოზიცია. უკვე ცნობილია, რომ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში დაწყებული კონსულტაციების ფონზე ისინი თბილისის ცენტრში მასშტაბურ საპროტესტო აქციებს სისტემატურად გამართავენ და ხელისუფლებაზე ზეწოლას არ შეწყვეტენ. ოპოზიცია ახლა ხვალიდელი მასშტაბური აქციისთვის ბოლო დეტალებს აგვარებს.

მხაარეებს შორის დაწყებულ მოლაპარაკებებს დღეს მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ. “ქართული ოცნების” წევრებს მიაჩნიათ, რომ არჩევნების შედეგები სამართლიანი, რასაც ელჩებთან შეხვედრაზეც ღიად დააფიქსირებენ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის 2 კვირის შემდეგ მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა რა შედეგით დასრულდება, ამის პროგნოზირება ყველას უჭირს. დიალოგში ჩართული მხარეები იმედს იტოვებენ, რომ 8 მარტის ხელშეკრულების მსგავსად, ისინი საერთო შეთანხმებას ამჯერადაც მოახერხებენ.