მაგთიკომი კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს | 13.11.2020

“მაგთიკომი” კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას არაპროფესიონალური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს და  მიმართვას ავრცელებს. საუბარია მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების დაშვების გადაწყვეტილებაზე, რომელიც კომისიამ 2019 წლის 31 დეკემბერს მიიღო. “მაგთიკომის” შეფასებით კომისიამ უგულებელყო საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის მიერ აღიარებული კიბერუსაფრთხოების რისკები, არ ჩაუტარებია კანონით განსაზღვრული კვლევა, რაც საქართველოს კიბერუსაფრთხოებას და თავდაცვისუნარიანობას რისკის ქვეშ აყენებს.  კომპანიის მიმართვაში ნათქვამია, რომ  “მაგთიკომმა” კომუნიკაციების კომისიას წარუდგინა მსოფლიოში 10 საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიიდან ექვსის კვლევის პასუხი, რითაც, კიდევ ერთხელ, დადასტურდა კომუნიკაციების კომისიის პოზიციის არამართებულობა. თუმცა კომისიის მხრიდან დაუსაბუთებლად განხორციელდა მათი უარყოფა.

“კომუნიკაციების კომისია არასწორად განმარტავს ევროკავშირის რეგულირების პრაქტიკას მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებთან მიმართებაში და მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. კომისიის არაერთი მსგავსი არაპროფესიონალური გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აზიანებს მთლიანად სატელეკომუნიკაციო დარგს და მის შემდგომ განვითარებას, რაც პირდაპირ ნეგატიურ გავლენას მოახდენს სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და  სრულად ჩამოშლის საქართველოს მობილური მომსახურების ბაზარს. კომუნიკაციების კომისიამ რისკების შეფასების გარეშე მიიღო ნაჩქარევი და გაუაზრებელი გადაწყვეტილება მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის სავალდებულო დაშვების შესახებ. ეს კი რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს კიბერუსაფრთხოებას და თავდაცვითუნარიანობას. დომინოს პრინციპით შეიძლება ჩამოიშალოს სამთავრობო, თავდაცვითი, საბანკო სისტემა, ფინანსური ინსტიტუტები, ბიზნესი, ყველაფერი ის, რასაც სახელმწიფო ჰქვია.კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს, ისევე როგორც კომისიის ყველა წევრს, მოვუწოდებთ კარგად გაიაზრონ საკუთარი პერსონალური პასუხისმგებლობა ქვეყნის და კანონის წინაშე, ასევე საკუთარი ქმედებების ის ნეგატიური შედეგები, რაც შეიძლება მოჰყვეს მათ უკანონო და გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს, რაც აისახება ქვეყნის კიბერუსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის შესუსტებაში, ქვეყანაში ინვესტიციების შეწყვეტასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შეჩერებაში,” – აღნიშნულია “მაგთიკომის” განცხადებაში.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები