რა გზავნილებით ჩამოვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში | 11.11.2020

17 ნოემბერს საქართველოს მაიკ პომპეო ეწვევა. პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. მაიკ პომპეო ასევე შეხვედრას გამართავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთანაც. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ პომპეოს ვიზიტი, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა. გიორგი გახარიას თქმით ამერიკის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები, ქვეყნის დემოკრატიზაციის შემდგომი პროცესი, ეკონომიკური საკითხები და უსაფრთხოება იქნება.

არც პრემიერ-მინისტრს და არც საგარეო საქმეთა მინისტრს დღეს არ უხსენებიათ, იქნება თუ არა მაიკ პომპეოსთან შეხვერებზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საპარლამენტო არჩევნები და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. სწორედ ამ საკითხის გამო ოპოზიცია მაიკ პომპეოს ვიზიტს და მოსაზრებას განსაკუთრებით ელოდება. თუმცა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, შიდა პოლიტიკური ინტერესებითვის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის გამოყენება არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.  “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ  არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკის საელჩომ საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა, ამიტომ მათთვის გაუგებარია რა გზავნილებს ელოდება ოპოზიცია მაიკ პომპეოსგან.

ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეოს ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაგეგმილი არ აქვს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები მაინც იმედოვნებენ, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდებიან და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით საუბარს შეძლებენ. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მაიკ პოლმპეო საქართველოში ვიზიტისას მნიშვნელოვან გზავნილებს გააკეთებს, რაც ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას წაადგება.

ამერიკის შეერთებული შტატების სახწლმწიფო მდივანი ოფიციალურ ვიზიტებს რადენიმე ქვეყანაში გეგმავს, მათ შორის საფრანგეთსა და თურქეთში, რის შემდეგაც ის საქართველოს ეწვევა.  რა გზავნილებს გაარეთებს და შეძლებს თუ არა ოპოზიცია მაიკ პომპეოსთან შეხვედრას ეს  17-18 ნოემბერს გაირკვევა.