დიჯეი მიხაილო ციხეში არ დაბრუნდება – მუსიკოსი შინაპატიმრობაში რჩება | 11.11.2020

სასამართლომ პრობაციის სააგენტოს მოთხოვნა არ  დააკმაყოფილა.  დიჯეი მიხაილო ციხეში არ დაბრუნდება და კვლავ შინაპატიმრობაში დარჩება. თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით,  შინაპატიმრობის ვადა ორი საათით გაეზარდა და მუსიკოსს   შინიდან გასვლა 19:00-დან – დილის 08:00 საათამდე აეკრძალა.  მიხეილ  თოდუას თქმით, ღონისძიებებში მონაწილეობა საპატიოდ არ ჩაუთვალეს, 17 ოქტომბერს მან “გირჩის” პარტიულ ღონისძიებაზე, ღამის ათი საათის შემდეგ დაუკრა. პრობაციის სამსახური აცხადებდა, რომ მუსიკოსს შინაპატიმრობის წესების დარღვევა არასაპატიოდ ჩაეთვალა, რადგან არ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს. მუსიკოსი ამბობს, რომ ვერ გაიგო, რატომ ისჯება და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

დიჯეი მიხაილოს სოლიდარობა პროცესის პარალელურად გამოუცხადეს  მხარდამჭერებმა. სასამართლოში იმყოფებოდა   პარტია “გირჩის” ლიდერიც, მიხაილოს საქმეს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მუსიკოსს პოლიტიკურ ღონისძიებაში მონაწილეობის გამო სჯიან.

მუსიკოსი მიხეილ თოდუა  2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა, 20 ათასი ლარის არქონის გამო, სასჯელს საპატიმროში იხდიდა. საბოლოოდ, თოდუამ საპატიმრო დაწესებულება 2019 წელს დატოვა, ხოლო დარჩენილი ვადა შინაპატიმრობით შეეცვალა. შინაპატიმრობის პირობებში ის ვალდებულია, ატაროს ელექტროსამაჯური და საღამოს საათებში   სახლიდან არ გავიდეს. ღონისძიებებზე დაკვრის შემთხვევაში კი, პრობაციის სამსახურს უნდა მიმართოს.