კორონავირუსის სტატისტიკა ისევ უარესდება. ამჯერად პიკს ვირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვმა მიაღწია | 11.11.2020

კორონავირუსის სტატისტიკა ქვეყანაში ისევ უარესდება. ამჯერად პიკს ვირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვმა მიაღწია.  ბოლო 24 საათში კოვიდინფექციას ყველაზე მეტი 45 პაციენტი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა რაოდენობა 566-მდე გაიზარდა. ყველაზე მეტი 18 პაციენტი თბილისში გარდაიცვალა,  აჭარაში – 14, იმერეთში – 7. გარდაცვლილებს შორისაა 72 წლის მამაკაცი, რომელსაც ინფექცია 2 ნოემბერს დაუდგინდა და ის ზუგდიდში, ბინაზე მკურნალობდა. კორონავირუსს ემსხვერპლა 62 წლის ქალი ოზურგეთში. მან ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებამდე არ იცოდა რომ კოვიდინფექციით იყო ინფიცირებული. მდგომარეობის გართულების შემდეგ ოზურგეთის კლინიკა “მედალფაში” მივიდა, სადაც გამოკვლევებით  COVID-19 დაუდგინდა. პაციენტის გადაყვანა ქუთაისში კლინიკა “ბომონდში” გადაწყდა,  თუმცა ქალი  კლინიკაში გადაყვანამდე გარდაიცვალა. ათასობით იმატებს ინფიცირებულთა რიცხვი. ცხელ წერტილებად დედაქალაქი, აჭარა და იმერეთი რჩება, სადაც დაწესებულმა ახალმა რეგულაციებმა ვირუსის გავრცელებას ხელი ვერ შეუშალა.

მზარდია ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვიც. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 2421-მა  პაციენტმა დაამარცხა.  COVID-19 დაამარცხა მტავრობის მეთაურმაც. გიორგი გახარია მუშაობას  ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

საგანგაშო ეპიდმდგომარეობაა ოკუპირებულ რეგიონებშიც. კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 ადამიანი გარდაიცვალა ოკუპირებულ აფხაზეთში. აფხაზეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 4831 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 56 ადამიანი გარდაიცვალა, 3 061 კი- განიკურნა.

გასული 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში პანდემიამ კიდევ 9 000 ადამიანი იმსხვერპლა, დაინფიცირდა თითქმის 600 000. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა, მას მოჰყვება ინდოეთი და ბრაზილია. შემთხვევების რაოდენობა სწრაფად იმატებს ევროპის მასშტაბით, რის გამოც ქვეყნებში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მკაცრდება თურქეთშიც. კერძოდ, სტამბოლსა და ანკარაში 65 წელს გადაცილებულ პირებს გარეთ გასვლა მხოლოდ დილის 10:00-დან 16:00 საათამდე შეეძლებათ. გასულ კვირას თურქეთში საღამოს 10 საათამდე შეიზღუდა სხვადასხვა ობიექტის მუშაობა, მათ შორის რესტორნებისა და კაფეების, თეატრებისა და სილამაზის სალონების.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები