2 970 ახალი შემთხვევა, 22 დაღუპული და 2348 განკურნებული – კორონავირუსის ბოლო 24-საათიანი სტატისტიკა | 10.11.2020

2 970 ახალი შემთხვევა, 22 დაღუპული და 2348 განკურნებული – ასეთია კორონავირუსის სტატისტიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში. COVID-19-მა თბილისში – 11, აჭარაში – 4, იმერეთში – 6, ხოლო ქვემო ქართლში – 1 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულებს შორისაა ქუთაისის N59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე. ავთანდილ ოსეფაიშვილი ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი კვირის წინ შეიყვანეს. ის რეანიმაციაში იმყოფებოდა. ინფექციისგან გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 521-ს შეადგენს. ვირუსის გავრცელების დღიური მაჩვენებლით ისევ დედაქალაქი ლიდერობს. ცხელ წერტილებად თბილისის შემდეგ აჭარა და იმერეთი რჩება.  ამ ეტაპზე ქვეყანაში აქტიური ინფიცირებული შემთხვევა 15 713-ია, რომელთაგან 656 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

55-მდე გაიზარდა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი ოკუპირებულ აფხაზეთში. გასულ დღე-ღამეში რეგიონში სამი პაციენტი გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა, ერთი – სოხუმში. ინფექცია კიდევ 52 ადამიანს დაუდგინდა. ოკუპირებულ აფხაზეტში სულ COVID-19-ით ინფიცირებულია 4772, ხოლო გარდაცვლილია 55 ადამიანი.

მსოფლიოში კი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 51 მილიონს აჭარბებს. რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა შეერთებულ შტატებშიც, სადაც COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა. ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან ერთად, სახელმწიფოები რეგუალციების გამკაცრებას აგრძელებენ. იტალიის მთავრობის ქვეყნის კიდევ 5 რეგიონში, დაიხურება ბარები და რესტორნები, მუშაობას შეწყვეტს სავაჭრო ობიექტების ნაწილი, იკრძალება ქალაქებს შორის გადაადგილებაც. პანდემიის მეორე ტალღის პიკს ელოდებიან საფრანგეთშიც.  ესპანეთში ექვსთვიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მარტში, შესაძლოა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, ყველაზე დაუცველი ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ისა და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის მიერ ერთობლივად შექმნილმა ვაქცინამ კლინიკური ცდების მესამე ფაზაში 90%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები