შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში – გრიგილ ვაშაძის განცხადება დაბნეულობის მიზეზი გახდა | 10.11.2020

არჩევნებიდან 10 დღის შემდეგ ოპოზიციაში დაბნეულობაა. მიზეზი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის – გრიგოლ ვაშაძის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება ხდება. ვაშაძე ვრცელ ტექსტში ოპოზიციას მიმართავს და სახელწმიფოებრივი მოქმედებებისკენ მოუწოდებს რაც მისი თქმით, პროცესების ქუჩიდან პარლამენტში გადატანაში გამოიხატება. წერს რომ ამით ქვეყანაში არსებული კრიზისი დროულად აღმოიფხვრება.

ხმაურიანი განცხადებიდან მალევე, ვაშაძე იძულებული გახდა დამატებითი განმარტებაც გაეკეთებინა და სოციალურ ქსელში მორიგი განცხადება გამოაქვეყნა. ახალ წერილში ვაშაძემ ხაზი მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობას გაუსვა, თუმცა ამჯერად აღნიშნა, რომ თუ ეს პროცესი წარმატებით არ დასრულდება, ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

გაიყო თუ არა აზრები ორად “ნაციონალურ მოძრაობაში” და ვისი პოზიცია გაახმოვანა პარტიის თავმჯდომარემ. პარტიის ოფისში დღეს მისული ლიდეები არ მალავდნენ, რომ ვაშაძის პოზიცია მოულოდნელი და შეუთანხმებელი იყო. პარტიაში გამართული რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი ხატია დეკანოიძემ გააკეთა, ის ამბობს, რომ, პარტია დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად რჩება იმ პოზიციაზეც, რაზეც ისინი რამდენიმე დღის წინ ერთობლივად შეთანხმდნენ.

გრიგოლ ვაშაძის დამატებითი ახსნა-განმარეტბის მიუხედავად, დაბნეულობაა იმ ოპოზიციურ პარტიებში, რომლებმაც ბოიკოტის შესახებ დოკუმენტს ხელი ერთხმად მოაწერეს. ისინი სააკაშვილის პარტიის წევრებს მეტი გამჭირვალობისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ გამარჯვების გზა ახლა ბოიკოტზე გადის და თუ ეს შეწყდება, ოპოზიცია კიდევ უფრო მეტად წაგებული დარჩება. დღესვე, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ, “ევროპულმა საქართველომ”, “ლელომ”, “გირჩმა” და “სტრატეგია აღმაშენებლმა” იმ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლითაც ისინი პირობას დებენ, რომ ამ შედეგებით პარლამენტში არ შევლენ.

ვიდრე ოპოზიცია არკვევს თუ როგორი უნდა იყოს მათი სამოქმედო გეგმა, მოლაპარაკებებზე მზაობას გამოთქვამს მმართველი გუნდი. პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ისინი მზად არიან დასხდნენ იმ პოლიტიკურ ძალებთან, ვინც მზადაა ქვეყანაში ნორმალური პროცესი უზრუნველყოს.

რა პოზიცია აქვს გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე თავად მიხეილ სააკაშვილს და როგორი იქნება პარტიის ერთობლივი გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე მსჯელობა ახლაც გრძელდება საკუთარი პოზიცია მცირე კომენტარით უკვე გამოხატა ქვეყნის ექსპრეზიდენტმა. სააკაშვილმა გრიგოლ ვაშაძის განახლებული მიმართვა გააზიარა და მისი თანაგუნდელის სიტყვებს დაეთანხმა.