დღე-ღამეში კორონავირუსი 2775 ადამიანს დაუდგინდა, ინფექციამ კიდევ 22 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა | 06.11.2020

საქართველოში ეპიდვითარება ყოველდღიურად მძიმდება. დღეს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი კოვიდინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი 2775 ადამიანს დაუდგინდა, ხოლო ინფექციამ კიდევ 22 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშოა დედაქალაქში, მხოლოდ დღეს COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1044-ით მოიმატა,  8 ადამიანი კი გარდაიცვალა. თბილისთან ერთად ცხელ წერტილებად ისევ აჭარა და იმერეთი რჩება. გასულ დღე-ღამეში აჭარაში 6, ხოლო იმერეთში 7 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის თითქმის 15 ათასი აქტიური შემთხვევაა.

კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდის ფონზე ჯანდაცვის მინისტრი ამტკიცებს , რომ კოვიდ პაციენტებისთვის საკმარისი საწოლები და სუნთქვის აპარატებია, თუმცა რეალობა სულ სხვას აჩვენებს. ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა,  ჩანს, რომ COVID-19-ით იფიცირებულ 66 წლის პაციენტს, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება, ადგილების არ არსებობის გამო თერჯოლის კლინიკა ვერ იღებს. პაცენტის ახლობლებს სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, რომ სასუნთქი აპარატები აღარ აქვთ და მძიმე პაციენტებს ვეღარ მიიღებენ.

ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობის გამო კორონავირუსს ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონტუათის სკოლის  პედაგოგი და მისი მეუღლე  საავადმყოფოში ადგილების არ არსებობის გამო გარდაიცვალნენ. 54 წლის დაწყებითი კლასის მასწავლებლის შვილი მარი კაკაურიძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ  მისი მშობლებისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილი ვერც ერთ საავადმყოფოში ვერ იპოვეს. ისინი თავდაპირველად სახლში მკურნალობდნენ, დამძიმების შემდეგ კი  ქუთაისის კლინიკას მიმართეს, თუმცა მამაკაცის ტესტის პასუხი უარყოფითი  აღმოჩნდა და ის საავადმყოფოდან გაწერეს. შვილი იძულებული გახდა მამა გორში წაეყვანა, თუმცა ადგილების არ არსებობის გამო პაციენტი  რეანიმაციაში ვერ მოათავსეს.

მძიმე ეპიდსიტუაციაა ოკუპირებულ რეგიონებში. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი 76 ადამინს დაუდგინდა ოკუპირებულ აფხაზეთში. ინფიცირბეულთა რაოდნეობა 4581-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 100 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 25-ის მდგომარეობა მძიმეა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 47-ს შეადგენს.

რეკორდულად იმატებს კოვიდპაციენტების რაოდენობა მსოფლიოშიც. კორონავირუსით 49 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. მილიონ 200 000-ზე მეტი კი გარდაცვლილია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ევროპაში ახლა COVID-19-ის აფეთქებაა და კონტინენტს წინ მძიმე დღეები ელის. ხვალიდან კარანტინი ამოქმედდება საბერძნეთში. ქვეყანაში სამი კვირის განმავლობაში დაიხურება ყველა სავაჭრო ობიექტი გარდა სუპერმარკეტებისა და აფთიაქებისა. მოსახლეობას გარეთ გასვლის უფლება მხოლოდ ოფიციალური ნებართვით ექნება. შეზღუდვები ამოქმედდება დანიის 7 მუნიციპალიტეტშიც, სადაც დაიხურება კაფე-ბარები და რესტორნები, მუშაობას შეაჩერებს სპორტული და გასართობი დაწესებულებები. გარდა ამისა, შეწყდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაც, გარდა სასკოლო ავტობუსებისა. დანიაში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო ბრიტანეთში ჩასულ პირებს 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საფრანგეთიდან მგზავრების მიღება შეაჩერა ჩინეთმა. კარანტინი ისევ გამოცხადდა იტალიის რამდენიმე რეგიონში.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები