როგორ გაგრძელდება ხმების დაცვისთვის ბრძოლა – „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას ყველა გზა მოუჭრა | 05.11.2020

ოპოზიცია,  რომელიც ხელისუფლებამ   სამართლებრივი ბერკეტების გარეშე დატოვა – უკვე მესამე დღეა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ოპოზიცია საარჩევნო კომისიებისგან ხმების სამართლიან გადათვლასა და  საოლქო  კომისიებში სხდომაზე დასწრებას ითხოვს, თუმცა ყველა ასეთი მცდელობა პოლიციასთან დაპირისპირებით მთავრდება. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ქართული ოცნების პირდაპირი დირექტივით, თამარ ჟვანიას უწყება მათ საჩივარებს  ბლოკავს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ხმების ხელახლა დათვლის შემთხვევაში ხელისუფლებას უამრავი უბნის შედეგის გაუქმება მოუწევს.

საოლქო კომისიების სხდომების პარალელურად პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების დაკავება და ძალადობა ოპოზიციის მხრიდან უკვე შეფასდა უკანონო ქმედებად. ამბობენ, რომ პოლიცია ხელისულფებისთვის არასასურველ ადამიანებს აკავებს, ხოლო იმ პირებს, ვისაც სხდომაზე დასწრების კონსტიტუციური უფლება აქვს, შენობაში საერთოდ არ უშვებს.

რამდენად მასშტაბურია ოქმებში აღმოჩენილი ხარვეზები და ბრძოლის რა მეთოდი უნდა აირჩიოს ოპოზიციამ – ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ისინი ყველა ბერკეტს გამოიყენებენ და ასობით ასეთ ოქმს სასამართლოშიც გაასაჩივრებენ. მათი მტკიცებით, ხშირად საჩივრებს ყოველგავრი არგუმენტების გარეშე არათუ არ აკმაყოფილებენ, არამედ განხილვის გარეშეც ტოვებენ. მათი აზრით, ცესკოს მხრიდან მსგავსი ქცევა არჩევნების მასიური გაყალბების დასტურია, რისი გამოსწორებაც მხოლოდ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს შეუძლია.

საოლქო საარჩევნო კომისიებში ოპოზიციის ლიდერებს და დასწრების უფლების მქონე  სხვა პირებს რომ ხელოვნური დაბრკოლებები ექმნებათ, ამაში დარწმუნებულები არიან არასამთავრობო  სექტორში. ამბობენ, რომ მეტი გამჭირვალობისთვის აუცილებელია ცესკომ საჩივრები დეტალურად განიხილოს და ყველა სადავო უბანზე ხმების გადათვლის გადაწყვეტილება მიიღოს. “სამართლიანმა არჩევნებმა” და “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ” ამ მოთხოვნით ცესკოს უკვე მიმართეს.

ბოლო დღეების განმავლობაში საოლქო კომისიებთან დაძაბული და ხშირ შემთხვევაში უკონტროლო სიტუაციის ფონზე, ხელისუფლება ხელს კვლავ ოპონენტებისკენ იშვერს. “ქართული ოცნების” ოფისში დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე კახა კალაძემ თქვა, რომ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, რაც 11 უბნის ხელახალმა გადათვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

2020 წლის არჩევნების შემდეგ ბარიერგადალახულმა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა და საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები ტოტალურად გააყალბა, რის გამოც ისინი მასშტაბური საპროტესტო გამოსვლასაც აანონსებენ მოთხოვნით – დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომელსაც ნდობით აღჭურვილი საარჩევნო კომისია ჩაატარებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები