ოპოზიციის პროტესტის ფონზე, “ოცნება” ამბობს, არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა | 04.11.2020

ხმაური იყო დღეს სასტუმრო “შერატონთან”, სადაც  ეუთო/ოდირის  დამკვირვებლებისა და  “ქართული ოცნების” ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრაზე   სამოქალქო აქტივისტები მივიდნენ, რომლებმაც არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის მხარდამჭერები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და ამბობენ, რომ მივლენ ყველგან, სადაც მმართველი პარტიის ლიდერები, არჩევნების ლეგიტიმურობის დამტკიცებას ეცდებიან

ოპოზიციის პროტესტისა და  ბოიკოტის ფონზე, “ქართული ოცნება” ამბობს, რომ უცხოელი პარტნიორები არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს არ განიხილავენ. ეუთო/ოდირის წარმოამდგენლების პოზიციები მედიასთან  პარლამენტის თავჯდომარემ გაახმოვანა და თქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით,  არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა.

ირაკლი კობახიძე შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დისბალანსს ოპოზიციას აბრალებს და ამბობს, რომ  საარჩევნო კაბინაში შესული ოპოზიციონერები ერთ ბიულეტინს ჯიბეში იდებდნენ, რის შედეგადაც დაბალანსებული ოქმები ვეღარ შედგა.  მანვე უპასუხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხსაც და თქვა, რომ ამდენი მოთმინებისთის თამარ ჟვანის ჯილდო ეკუთვნის.

გაერთიანებული  ოპოზიციის პროტესტს, უარი თქვას საპარლამენტო პანდატებზე “ქართულ ოცნებაში” თვლიან, რომ  პარლამენტი ერთი პარტიით არ დაკომპლექტდება და უფრო მეტიც, მმართველი პარტია ამბობს, რომ ოპოზიციამ მეორე ტურებისთვის მზადებაც კი დაიწყო. “ქართული ოცნების” ლიდერებს დღეს არც პარტიების დაფინანსების თემა გამორჩენიათ, ამბობენ, რომ  პარტიას, რომელიც მიღებულ მანდატებზე უარს ამბობს სახელმწიფო დაფინანსებაც არ უნდა მიეცეს.

შეგახსენებთ, რომ 19 ოპოზიციური პარტია არჩევნების შედეგებს სრულ უნდობლობას უცხადებს და საპარლამენტო  მანდატებზე უარს ამბობს. ოპოზიცია ახლა კვირის საპროტესტო აქციისთვის ემზადება. ისინი მოუწოდებენ ყველას გამოვიდნენ ქვეყნის მთავარ გამზირზე და დაიცვან ის ხმები, რომელიც მათი თქმით, ხელისუფლებამ მოიპარა.