ოპოზიციურმა პარტიებმა საპარალამენტო ბოიკოტი დღეს ოფიციალურად გააფორმეს | 03.11.2020

19 ოპოზიციური პარტია არჩევნების შედეგებს სრულ უნდობლობას უცხადებს – დოკუმენტში, რომელსაც დღეს თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა ხელი, პირდაპირ წერია, რომ ისინი არც პარლამენტში შესვლას  და არც მეორე ტურებში მონაწილეობას არ აპირებენ. მთავარი მოთხოვნა კი, რომელსაც ოპოზიციის ლიდერები დღეიდან კიდევ უფრო აქტიურად გააჟღერებენ იგივე რჩება – დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ნდობით აღჭურვილი საარჩევნო კომისია ჩაატარებს.

“დოკუმენტი, რომელსაც ახლა უკვე ოფიციალური სახე მიეცა საერთაშორისო მხარისთვის მკაფიო გზავნილი იქნება” – ამბობენ ოპოზიციაში. ერთ მაგიდასთან შეკრებილი ლიდერები პირდაპირ ამბობდნენ, რომ ივანიშვილმა ირაკლი კობახიძის პირით კონკრეტული ციფრები დაუკვეთა, რაც მოგვაინებით უკვე თამარ ჟვანიამ ფურცელზე ასახა. ოპოზიციური პარტიები ხაზს უპრეცენდენტო ერთიანობას უსვამენ და ვარაუდობენ, რომ “ქართული ოცნება” წნეხს ვერ გაუძლებს და გაზაფხულზე მმართველ ძალას ხელისუფლებიდან  წასვლა მოუწევს.

ოპოზიციის აზრით, ცესკოს მიერ გაყალბებული საარჩევნო ოქმების გამოსწორება ახლა უკვე დაგვიანებულია, ამიტომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასარიდებლად ერთადერთი სწორი გამოსავალი ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იქნება.

ის რომ ხელისუფლება მეათე მოწვევის პარლამენტში მარტო დარჩა ეს დღეს “პატრიოტთა ალიანსმაც” დაადასტურა. დანარჩენი ოპოზიციის მსგავსად ირმა ინაშვილი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებს. ინაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მას არჩევნები გაუყალბეს, ამიტომ ის და მისი გუნდი მის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ.

დღევანდელი შეთანხმების შემდეგ ოპოზიცია ახლა უკვე კვირის საპროტესტო აქციისთვის იწყებს მზადებას. ისინი მოუწოდებენ ყველას გამოვიდნენ ქვეყნის მთავარ გამზირზე და დაიცვან ის ხმები, რომელიც მათი თქმით, ხელისუფლებამ მოიპარა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები