ელექტროსამაჯურთან დამშვიდობებისთვის პროკურატურა მელიასთვის 100 000-ლარიან გირაოს ითხვს | 03.11.2020

ელექტრო სამაჯურთან საკუთარი ნებით დამშვიდობების შემდეგ, პროკურატურამ  ნიკა მელიას სამართლებრივად უპასუხა. საგამოძიებო უწყებამ სასამართლოს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის მიმართ, აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა. გენერალური პროკურატურა ნიკა მელიასთვის 100 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას და საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვის დაწესებას ითხოვს.

პროკურატურის გადაწყვეტილების მიუხედავად ნიკა მელია პოზიციას არ იცვლის. ამბობს, რომ ელექტრონული სამაჯური რომლის ტარებაც მას მართლმსაჯულებამ დააკისრა, უსამართლობის სიმბოლოა და მას აღარ ატარებს.

ნიკა მელიას მხარდაჭერას უცხადებს ოპოზიციური სპექტრი.  ფიქრობენ, რომ ხელისუფლება  ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერის,  პოლიტიკური ველიდან განეიტრალებას ცდილობს. ოპოზიციაში არც მძიმე სცენარს გამორიცხავენ და პოლიტიკური ლიდერების დაკავებას აანონსებენ.

ნიკა მელიას მიმართ რაიმე ტიპის დევნაზე საუბარი სპეკულაციაა მმართველი გუნდისთვის. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ  ვინც კანონს არ ემორჩილება,პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური 2019 წლის 3 ივლისს დაუმაგრეს. მანამდე, 27 ივნისს  აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ნიკა მელიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 25 ივნისს, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე წაუყენა. პროტესტის ნიშნად, პირველ ნოემბერს ნიკა მელიამ ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური აქციაზე მოიხსნა და ხალხში გადააგდო. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო პროტესტის ამ ფორმაზე, ცნობილი რამდენიმე საათში გახდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები