თვითიზოლაციაში მყოფი მთავრობის წევრები, ინფექციის 1 852 ახალი შემთხვევა და გარდაცვლილი 7 ადამიანი | 02.11.2020

კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იმყოფება. მთავრობის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის თანამშრომელს, რომელთანაც კომუნიკაცია ჰქონდა, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირების დროს კორონავირუსი დაუდგინდა. COVID-19 დაუდასტურდა გიორგი გახარიას პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს. თვითიზოლაციაში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი  და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

კორონავირუსი დაუდგინდა ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს, წალკის ოლქში “ნაციონალური მოძრაობის”  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს. ამის შესახებ  ინფორმაცია, კახა ოქრიაშვილის სოციალურ ქსელით გავრცელდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონაინფექციის 1 852 ახალი შემთხვევა.  გარდაცვლილია 7 ადამიანი.  როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში ამბობენ, საქართველო გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით,  პოზიციურ დინამიკას ინარჩუნებს. ბოლო 24 საათში ვირუსი  1 696 პირმა დაამარცხა და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  26 800-მდე გაიზარდა.

ცხელ წერტილად კვლავ  აჭარა რჩება, სადაც კორონავირუსის 389 ახალი შემთხვევა და 6 გარდაცვალების ფაქტი გამოვლინდა.  გარდაცვლილთა შორის 3 ქალი და 3 მამაკაცია. 3 პაციენტი  ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.  გარდაცვლილთა ასაკი 54-დან 91 წლამდეა. მედიკოსების ინფორმაციით, ყველა პაციენტს მძიმე თანმდევი დაავადება აღენიშნებოდათ. კორონავირუსით ინფიცირებულია აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძეც, ის მკურნალობის კურსს სახლში გადის.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 42 579 შემთხვევაა გამოვლენილი. 342 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 977 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 293.  2 236 ადამიანი კოვიდსასტუმროებშია მოთავსებული.  ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 699 საწოლია თავისუფალი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები