საია-ს შემაჯამებელი წინასაარჩევნო ანგარიში არჩევნებამდე ერთ დღით ადრე | 30.10.2020

ფიზიკური დაპირისპირება, ზეწოლა, მუქარა, ამომრჩევლის მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი ხარჯვა – არჩევნებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წინასაარჩევნო გარემოს შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს. დასკვნაში, რომელიც 1 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს წერია, რომ საანგარიშო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების – 1, ამომრჩევლის მოსყიდვის – 2, ძალადობრივი ქმედებების – 8 და წინასაარჩევნო კამპანიისთვის  ხელის შეშლის 2 შემთხვევა გამოვლინდა.

საია-ს შემაჯამებელი დასკვნიდან ვიგებთ, რომ წინა თვეების მსგავსად წინასაარჩევნიო გარემოს მთავარ გამოწვევად კვლავ ოპოზიციური პარტიებისთვის  დაბრკოლებების შემქნის გახშირებული ფაქტები რჩება.  ანგარიშის ავტორების აზრით,  ერთ-ერთ მთავარ პრობლემად  რჩება  სამთავრობო პროექტების პერსონიფიცირებაც,  რაც მათივე შეფასებით, მმართველი პარტიის კამპანიის ნაწილად და ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციად აღიქმება.

2020 წლის წინასაარჩევნო გარემოს აფასებს “საერთაშორისო გამჭვრივალობა საქართველოც”. არასამთავრიობო სექტორში ფიქრობენ, რომ ამ პერიოდში სხვა დარღვევებთან ერთად მთავარი  პრობლემა კვლავ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის გახშირებული ფაქტები იყო.

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს სრულად იზიარებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი მთელი ამ პერიოდს განმავლობაში სწორედ ძალადობითა და კრიმინალთან შეთანხმებით ცდილობდა ძალაუფლების შენარჩუნებას.

“ქართულ ოცნებაში” კი არასამთავრობო სექტორის შეფასებებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა მშვიდ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაიარა.

2020 წლის გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ დღეზე ნაკლები რჩება, თუმცა მიმდინარე ფონის გათვალისწინებით, მესამე სექტორი არ გამორიცხავს, რომ დაპირისპირებებმა და დაძაბულობამ არჩევნების დღესაც  იმატოს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები