კოვიდინფექციის 1696 ახალი დადასტურებული შემთხვევა, 12 გარდაცვლილი და 2906 განკურნებული | 30.10.2020

1696 ახალი დადასტურებული შემთხვევა, 12 გარდაცვლილი და 2906 განკურნებული – ასეთია კორონავირუსის სტატისტიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში. კორონავირუსით გარდაცვლილი 12 ადამიანიდან 4 – თბილისში, 5 – აჭარაში, 2 – იმერეთში, 1  კი შიდა ქართლში მკურნალობდა.  სულ COVID-19-ს ქვეყანაში 285 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით ისევ პოზიტიური დინამიკა ნარჩუნდება, სულ ქვეყანაში ინფექცია 19 810-მა პაციენტმა დაამარცხა. რაც შეეხება ახალა შემთხვევებს, თბილისში 683, აჭარაში – 381, ხოლო იმერეთში – 313 დაფიქსირდა.

COVID-19-ით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა და 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა  ოკუპირებულ აფხაზეთში. აპრილიდან დღემდე  აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 4 126 შემთხვევა, მათგან 2 170 გამოჯანმრთელებია, 38 გარდაცვლილი.

მსოფლიოში კი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 45 მილიონს გადააჭარბა. მათგან 1 186 393 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 33 მილიონამდე პირი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების გამო რამდნეიმე ქვეყანაში შეზღუდვები ისევ მკაცრდება. დღეიდან საფრანგეთში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა. 2020 წლის განმავლობაში უკვე მეორედ, ფრანგები მომდევნო ერთი თვის განმავლობაში კარანტინის პირობებში იცხოვრებენ. კარანტინი ცხადდება საბერძნეთის რამდენიმე რეგიონშიც, შეზღუდვები მომდევნო ერთი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში კვლავ აშშ ლიდერობს, სადაც ვირუსის 9 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 8 მილიონზე მეტი ინფიცირებულით, მესამეზე კი ბრაზილია 5 მილიონზე მეტი დაინფიცირებულით.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები