ვისურვებდი, საქართველოში დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც გზას უხსნის რუსეთს – აშშ-ის ელჩი | 28.10.2020

“ვისურვებდი საქართველოში დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ჰყოფს ქართულ საზოგადოებას და გზას უხსნის რუსეთსა და სხვა არაკეთილსინდისიერ აქტორებს, დათესონ დაპირისპირება და დაბნეულობა ქვეყანაში”- ეს განცხადება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა, საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონთან საუბრისას გააკეთა. დიპლომატმა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ვრცლად ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ  31 ოქტომბერის არჩევნები მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება. კელი დეგნანი ამბობს, რომ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში არ არსებობს ამომრჩევლის მოსყიდვა და დაშინება.

“თავისუფლება, რომელიც ლიდერების დამოუკიდებელ და სამართლიან არჩევნებში არჩევას გულისხმობს, ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველია. დემოკრატია გულისხმობს არჩეული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე და არჩევნები სწორედ ამას ემსახურება. როდესაც საქართველო შეუერთდა ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა ეუთო, ან ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, მან ვალდებულება აიღო, დაეცვა ეს ღირებულებები და საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ეს ღირებულებები და სტანდარტები ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ნატო-ში გაწვიანებისთვის. ქართველებმა აირჩიეს გზა უფრო დემოკრატიული და პლურალისტული საზოგადოებისკენ და აშშ გააგრძელებს ამ არჩევანის მხარდაჭერას. სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში არ არსებობს ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ხალხის იძულება, რომ ფოტო გადაუღონ საარჩევნო ბიულეტენს, ან სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა, თავისუფალი არჩევნები ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი უდრის ერთ ხმას. ვისურვებდი, რომ დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ასე ჰყოფს ქართულ საზოგადოებას და გზას უხსნის რუსეთსა და სხვა არაკეთილსინდისიერ აქტორებს, რომ დათესონ დაპირისპირება და დაბნეულობა ქვეყანაში. მსურს, ვნახო მშვიდი და წყნარი გარემო არჩევნებსა და მის მომდევნო დღეს, რათა ხალხმა უსაფრთხოდ მისცეს ხმა. მსურს, ამ შაბათს ვიხილო ამომრჩეველთა ძალიან მაღალი აქტივობა” – კელი დეგნანი.