„ქართული ოცნების“ მთავარი სპიკერი ოპოზიციას ახალ ბრალდებებს უყენებს | 28.10.2020

“ქართული ოცნების” მთავარი სპიკერი ოპოზიციას  ახალ ბრალდებებს უყენებს. პარტიის აღმასრულებელი მდივანი ოპონენტებს რევოლუციური სცენარის მზადებაში ადანაშაულებს და იმ რეგიონებსაც ასახელებს, სადაც ირაკლი კობახიძის თქმით ოპოზიცია ამბოხს აპირებს. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ოფიციალური საარჩევნო შტაბის გარდა გახსნილი აქვს ე.წ რევოლუციური შტაბიც, რომელსაც ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობს. შტაბის ამოცანა კი კობახიძის ინფორმაციით მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებაა.

ე.წ რევოლუციური სცენარის მზადების ეჭვს ირაკლი კობახიძეს, ოპოზიციის მიერ ერთ-ერთი კომპანიისთვის დაკვეთილი კვლევა და საზოგადოების მიმართ დასმული შეკითხვაც უჩენს. საუბარია IPM-სთვის დაკვეთილ კვლევაზე, სადაც ერთ-ერთი შეკითხვაა, პროტესტის რა ფორმა იქნება თქვენთვის მისაღები იმ შემთხვევაში თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ. ირაკლი კობახიძის განცხადებით მსგავსი შეკითხვები ადასტურებს, რომ ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და ამისთვის მოქალაქეების რეაქციას იკვლევს.

ე.წ რევოლუციური სცენარის მზადებას უარყოფენ “ნაიცონალურ მოძრაობაში”, სადაც აცხადებენ, რომ არ აპირებენ ისეთ პროცესებში მონაწილეობას, რომელიც კანონდარღვევას გულისხმობს. ოპოზიციის შეფასებით კობახიძის განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ “ქართულ ოცნებას” არჩევნების წაგების შიში აქვს.

ირაკლი კობახიძის განცხადებას არასერიოზულს უწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ისინი კობახიძის განცხადებას არასანდოს უწოდებენ და მის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების დროს გაკეთებულ ერთ-ერთ განცხადებას იხსენებენ. არასამთავრობოები “ქართულ ოცნებას” ურჩევენ კონსპირაციების თეორიებზე საუბრის ნაცვლად ამომრჩევლების საჭიროებებზე კონცენტრირდეს.

გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღე რჩება. ამ ფონზე კი პოლიტიკური ბრალდებები სულ უფრო იმატებს. რა შედეგით დასრულდება მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება 31 ოქტომბერს გაირკვევა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები