კორონავირუსით დაინფიცირებულთა რეკორდული ზრდა და გამოჯანმრთელებულთა რეკორდული მაჩვენებელი | 28.10.2020

კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლების ფონზე, ბოლო 24 საათში კოვიდინფექცია ქვეყანაში რეკორდული რეოდენობის პაციენტმა დაამარცხა და ვირუსისგან განკურნებულებს 2197 პირი შეუერთდა. COVID-19-სგან განიკურნა ერთი თვის ბავშვი ქუთაისის კლინიკაში. გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა – ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს მთავრობის მეთაურს. გიორგი გახარია ამბობს, რომ წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგია გრძელდება.  ის კვლავ პირბადის ტარების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პროცესი სრულად მართვადია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობა 253 გახდა. 4 ადამიანი თბილისში გარდაიცვალა, 7 აჭარაში,  4 – იმერეთში. გასულ დღე-ღამეში გამოვლენილია ინფექციის 1 731 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულებს შორის არიან ექიმებიც. მედიკოსების ინფიცირების ფონზე, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ექიმების დეფიციტი არ არის. მედპერსონალის შესავსებად მთავრობამ სამედიცინო უნივერსიტეტების დამამთავრებელი  კურსის სტუდენტების გადამზადება დაიწყო.

მთავრობის ინფორმაციით, შესაძლოა, კოვიდინფიცირებული პაციენტები  უკვე არა მხოლოდ კოვიდსაავადმყოფოებმა, არამედ სხვა კლინიკებმაც მიიღონ. როგორც  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, ხელისუფლებას ამის შესაძლებლობას კანონი აძლევს.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი დღეს,  მედიაში გავრცელებული იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც,  კორონავირუსით ინფიცირებული ორსული კლინიკიდან გაიქცა. ლევან რატიანის თქმით, ინფორმაცია მცდარია. მან განმარტა, რომ ორსული ქალის უსიმპტომო ინფიცირებული იყო და  კლინიკიდან მისი სურვილით გაეწერა.  რატიანის თქმით, ამ ეტაპზე პაციენტი მკურნალობას სახლში აგრძელებს.

მძიმე ეპიდსიტუაციია ოკუპირებულ რეგიონებში. კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 ადამიანი გარდაიცვალა ოკუპირებულ ცხინვალში. 4000-ს უახლოვდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი აფხაზეთში. ოკუპირებულ რეგიონში კოვიდინფექციას  36 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპაში კორონავირუსით დაღუპულთა ყოველდღიური რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით თითქმის 40%-ით, ხოლო ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა მესამედით გაიზარდა.  ევროპაში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების უმრავლესობა საფრანგეთზე, ესპანეთზე, გაერთიანებულ სამეფოზე, ნიდელანდებსა და რუსეთზე მოდის. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, გერმანიაში 4 ნოემბრიდან ბარები, რესტორნები და სპორტული დარბაზები, შესაძლოა დაიხუროს. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდნეობით,  პირველ ადგილზე ისევ შეერთებული შტატებია, მეორეზე ინდოეთი, მესამეზე  კი ბრაზილია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები