ივერი მელაშვილის ადვოკატი საგამოძიებო უწყების წინააღმდეგ – კარტოგრაფების საქმე | 27.10.2020

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი საგამოძიებო უწყების წინააღმდეგ. ედუარდ მარიკაშვილის ინფორმაციით, პროკურატურა დაცვის მხარეს საქმეში არსებულ სხვადასხვა უწყებებიდან ამოღებულ კარტოგრაფიულ მასალას არ აძლევს.  ამ ქმედებით კი საგამოძიებო უწყება    საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს არღვევს. ადვოკატი დაკავებულ კარტოგრაფს დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა.  მისი განცხადებით, ივერი მელაშვილი მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკური შინაარსის საქმედ აღიქვამს.

საქართველოს მიწების გასხვისების ბრალდებით დააკავებულ  პირებს, ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს, ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. პროკურატურის ინფორმაციით,  წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება. მთავარ საგამოძიებო უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ  საქმეზე ყოფილი, თუ მოქმედი თანამდებობების პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.