სანამ გამოძიება დამნაშავეს ეძებს, ბანკში ყაჩაღური თავდასხმა პოლიტიკური ბრალდებების საფუძველი ხდება | 23.10.2020

ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი შეიარაღებული თავდასხმიდან 48 საათზე მეტი გავიდა – დამნაშავის კვალი კი ამ დრომდე არ ჩანს. პოლიცია იმ პირის დაკავებას, ვინც 500 ათას დოლარს მძევლების დახმარებით დაეუფლა, ამ დრომდე  უშედეგოდ ცდილობს. ტელეკომპანია “მთავარი” აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც ზუგდიდში, “საქართველოს ბანკში”, ყაჩაღობის დღეს არის  ჩაწერილი. ჩანაწერში ისმის, რომ  თავდამსხმელი 5 მძევლის წაყვანას ითხოვდა, სამხარეო პოლიციის უფროსი კი სთხოვს, რომ სამი ან ოთხი კაცი წაიყვანოს. სწორედ ავთანდილ გალდავა იყო ერთ-ერთი ბოლო ვინც დამნაშავე ნახა.  სამხარეო პოლიციის უფროსმა   ნიღბიან პირს  მოთხოვნილი ფული მიუტანა და მძევლადაც წაყვა.   შემთხვევის დეტალებზე გალდავას მედიასთან ამ დრომდე არ უსაუბრია.

ამ დრომდე დაუზუსტებელია, იმყოფება თუ არა ძებნილი პირი, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.  ბუნდოვანია ისიც, ჰყავდა თუ არა საქართველოს ბანკში შეიარაღებულ პირს თანამზრახველი. სამხარეო პოლიციაში მძევლად აყვანილ პირებს ეტაპობრივად კითხავენ. გამოძიება არც იმას გამორიცხავს, თანამზრახველი მძევლებს შორის რომელიმე აღმოჩნდეს. მედიაში უკვე გაჩნდა ეჭვი, რომ  ერთ-ერთი საეჭვო ფიგურანტი   დავით ხვიბლიანია.   მძევალი გამოძიებამ უკვე გამოკითხა. მომხდარის  დეტალებს იხსენებს ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, რომლის საშუალებითაც შეიარაღებული პირი მედიას  ყაჩაღობის დღეს ეკონტაქტებოდა.

სანამ გამოძიება დამნაშავეს ეძებს, “საქართველოს ბანკში” მომხდარი ყაჩაღური თავდასხმა, პოლიტიკური ბრალდებების საფუძველი ხდება. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაცია, “ქართული ოცნებისთვის”, კრიმინალთან ბრძოლაში დამარცხებას ნიშნავს.  პოლიტიკოსები დამნაშავის დროულ დასჯას ითხოვენ,  წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში  მძიმე კრიმინოგენულ ვითარებას აანონსებენ.

ოპოზიციის ბრალდებების შინაარს არ იზიარებს მმართველი გუნდი. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ  სპეცოპერაცია ჯერ არ დასრულებულა და დამნაშავის დასაკავებლად ყველაფერი კეთდება. ჩვეული რიტორიკით, “ქართული ოცნების” ლიდერები ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების დროს გაცილებით მეტი კრიმინალი ხდებოდა.

შეიარაღებული პირი ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ფილიალში  21 ოქტომბერს შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ის 500 ათას დოლარს და ბანკის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიებს ითხოვდა. სამართალდამცველებს მძევლები ეტაპობრივად გამოჰყავდათ. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ კი მძარცველმა  ბანკის შენობა, 3 მძევალთან და  სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსთან ერთად დატოვა.

არაოფიციალური ინფორმაციით, “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელმა  მძევლები ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინიტრომ მომხდარზე  გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდების, ყაჩაღობის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით დაიწყო.