“ინფიცირების ყველა მომდევნო მაჩვენებელი რეკორდული იქნება” – ეპიდსიტუაცია ქვეყანაში | 23.10.2020

ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში ისევ მძიმეა. ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდინფექცია 1759 პაციენტს დაუდგინდა. მთავრობა ამბობს, რომ ინფიცირების ყველა მომდევნო მაჩვენებელი  რეკორდული იქნება, თუმცა მხოლოდ მოქალაქეების კეთილსინდისირებაზე არიან დამოკიდებულნი.  თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მთავრობამ გარე სივრცეებში პირბადის ტარების მკაცრი რეკომენდაცია გასცა. ამ ეტაპზე დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა არ განიხილება. ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას ამშვიდებს, რომ ქვეყანაში საწოლების, სამედიცინო პერსონალის და სასუნთქი აპარატების მარაგი არის. ეკატერინე ტიკარაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ინფოცრმაციით, მოხსნილია ცხელი ხაზის გადატვირთულობის პრობლემაც.

კოვიდინფირებულთა რაოდენობის რეკორდული ზრდის ფონზე  ქვეყნის მთავარ ეპიდემიოლოგს ახალი სლოგანი აქვს. ამირან გამყრელიძის თქმით, როდესაც ადამიანს სიმპტომები ეწყება,  იმის ნაცვლად, რომ ეძებოს, სად ჩაიტაროს ტესტი, უნდა დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს და მისი რეკომენდაციების შესაბამისად იმოქმედოს. მისივე ინფორმაციით,  საქართველო, ინფიცირების ბოლო ორი კვირის მონაცემებით უკვე წითელ ზონაშია. მხოლოდ ბოლო 24 საათში სამედიცინო სფეროს 131 წარმომადგენელი იქცა კოვიდპაციენტად. დღეიდან ქვეყანაში ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები ამოქმედდება, რითაც  მოქალაქე კორონავირუსზე პასუხს 20 წუთში მიიღებს. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას პირბადის გამოყენებისა და დისტანციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ და მომდევნო დღეში ინფიცირების 3000-4000 დღიურ შემთხვევას ელოდებიან.

ქვეყანაში ისევ სამი ცხელი წერტილია. თბილისში ბოლო 24 საათში კოვიდინფექცია 686 ადამიანს დაუდგინეს, აჭარაში – 487 პირს, ხოლო  – იმერეთში 356 პაციენტს. კორონავირუსის ინფიცირებული პაციენტებიდან 397 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 82 პაციენტი იმყოფება. კორონავირუსის შედეგად, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კიდევ ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. მათგან ერთი 95 წლის პაციენტი ქუთაისში  კლინიკა “ბომონდში” დაფიქსირდა. პაციენტი რამდენიმე წუთის შეყვანილი იყო და ექიმებმა მისი გასინჯვა ვერც კი მოასწრეს. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 183-ს შეადგენს.  სულ საქართველოში კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა დადასტურებული.

კორონავირუსი 87 წლის პაციენტმა დაამარცხა აჭარაში და კლინიკიდან გაეწერა. ინფორმაცია ამის შესახებ ბათუმის კლინიკა “მედცენტრმა” სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ქობულეთის მკვიდრი 87 წლის ოთარ აბაშიძე 12 ოქტომბერს კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით მოათავსეს, მას დაუდგინდა COVID-19 და პნევმონია, განკურნებულმა პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.

მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარობაა ოკუპირებულ რეგიონებშიც. ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყების დღიდან დაინფიცირების 367 შემთხვევაა დადასტურებული. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1 ადამიანი გარდაიცვალა და 134 დაინფიცირდა ოკუპირებულ აფხაზეთშიც. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 123 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა. სულ კოვიდინფექციით ოკუპირებულ რეგიონში  33 პაციენტია დაღუპული.

მსოლიოში კი კორონავირუსით უკვე 42 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილთა რიცხვი მილიონ 140 000-ზე მეტია. აშშ-ში კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ პრეპარატი “რემდესივირი” ოფიციალურად დაამტკიცეს. “რემდესივირს” დროებითი დასტური მისცეს კანადამ და ევროპის ქვეყნებმაც.