მასშტაბური სპეცოპერაციის მთავარი ფიგურანტი ამ დრომდე თავისუფალია | 22.10.2020

ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაციის მთავარი ფიგურანტი ამ დრომდე თავისუფალია. “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელის კვალი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ დაკარგა, რაც მან ტყვეობიდან ბოლო 3 მძევალი და სამხარეო პოლიციის უფროსი გაათავისუფლა.  მძარცველმა 500 000 დოლართან ერთად საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია სავარაუდოდ უკვე დატოვა. გარცელებული ინფორმაციით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 4 მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირჩხის ტყეში გაათავისუფლა, რის შემდეგაც  ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდა.

მასშტაბური სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში გუშინ შუადღეს დაიწყო, მას შემდეგ რაც შეიარაღებული მძარცველი საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და 43 მძევალი აიყვანა. გავრცელდა სათავლთვალო კამერის ჩანაწერებიც, სადაც ჩანს, რომ კალაშნიკოვის სისტემის ავტომატით შეიარაღებული ბოროტმოქმედი სავარაუდოდ ხელყუმბარას ხსნის და ბანკის ინვენტარს ფეხით აზიანებს. ბანკში შეჭრიდან მალევე  თავდამსხმელმა 500 000 დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვება მოითხოვა, რის შემდეგაც ხანგრძლივი მოლაპარაკებები დაიწყო. თითქმის 10 საათიანი სპეცოპერაციის  განმავლობაში სამართალდამცველები მძევლებს ეტაპობრივად ათავისუფლებდნენ.

საბოლოოდ თავდამსხმელმა მძევლების დიდი ნაწილი გაუშვა და ტერიტორიაც დატოვა. ის ბანკის შენობიდან ხელყუმრაბით ხელში 4 მძევლთან ერთად გამოვიდა. მათ შორის იყო სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და რომელმაც ბანკში მოთხოვნილი თანხა მიიტანა. დამნაშავე სამ მძევალთან ერთად პიკაპის ტიპის ავტომობილში ჩაჯდა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მალევე ბოლო მძევლებიც გაათავისუფლა და მიიმალა.

შეიარაღებული თავდამსხმელის ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევლების დაკითხვა ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში მთელი ღამის განმავლობაში  მიმდინარეობდა, ისევე როგორც დამნაშავის ძებნის ოპერაცია. სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს ერთ-ერთი მძევალი ირაკლი კვარაცხელია, რომელიც ჩვენთან საუბარში მომხდარის დეტალებს იხსენებს. ამბობს, რომ თავდამსხმელი კარგად მომზადებული და აგრესიული იყო, თუმცა მძევლებისთვის არაფერი დაუშავებია. კვარაცხელია ამბობს, რომ მას მძარცველის ამოცნობა არ შეუძლია, ვინაიდან მას მხოლოდ თვალები უჩანდა  და ისიც შეღებილი ჰქონდა. კვარაცხელია არ ფიქრობს, რომ მძარცველს თანამზრახველი ჰყავდა.

თავდამსხმელის ვინაობა ამ დრომდე უცნობი რჩება, თუმცა სამხედრო სფეროს სპეციალისტები  ვარაუდობენ, რომ ბოროტმოქმედი ყოფილი სამხედროა. ამის ვარაუდს მათ თავდამსხმელის აღჭურვილობა, მისი მოქმედებები და მანერები უჩენს. სამხედრო ექსპერტები ფიქრობენ, რომ დამნაშავემ წინასწარ გათვლილი მარშრუტით საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია უკვე დატოვა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდა. ასევე არ გამორიცხავენ, რომ თავდამსხმელი მარტო არ მოქმედებდა და მას გარედან ვიღაც ეხმარებოდა.

შინაგან საქმეთა სამინიტრომ მომხდარზე  გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდების, ყაჩაღობის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით დაიწყო. როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, დამნაშავის სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები