15 გარდაცვლილი და 1194 ახალი ინფიცირებული – მთავრობა საგანგებო რეჟმზე გადადის | 20.10.2020

კორონავირუსის  შემთხვევების რეკორდული  ზრდის გამო  საკოორდინაციო საბჭო საგანგებო რეჟიმზე გადადის და ყოველ დღე შეიკრიბება. საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 22:00 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება. მთავრობა მოსახლეობას სთხოვს  დაემორჩილონ რეგულაციებს, რადგან ეპიდსიუტაციის მართვა მხოლოდ  მოქალაქეების შეგნებასა და პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. მთავრობა კიდევ ერთხელ განმარტავს,  რომ ქვეყანაში  მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება, რადგან ეკონომიკა ე.წ ლოქდაუნს ვერ  გაუძლებს. ერთ-ერთი შესაძლო შეზღუდვა, რომელიც ამ ეტაპზე საბჭოში განიხილება  საზოგადოებრივ ტრანსპორტს ეხება.

15 გარდაცვლილი და 1194 ახალი ინფიცირებული – ასეთია კორონავირუსის სტატისტიკა ბოლო 24 საათში. გარდაცვლილი 15 პაციენტიდან ერთი 40 წლის ქალია, რომელიც ბათუმის სამედიცინო ცენტრში შეყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. გარდაცვალების 7 შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში, 4 – ბათუმში, 2 – ქუთაისში, 1 – გორში, 7 კი მცხეთაში. კორონავირუსს ქვეყანაში  სულ 158 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი – 425 შემთხვევა,  დედაქალაქში დაფიქსირდა. სტატისტიკის ზრდის გამო, რესპუბლიკური საავამდყოფო კვლავ  კოვიდ მიმღებ ცენტრად გადაკეთდა. ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად მატულობს იმერეთშიც, სადაც გასულ დღე-ღამეში კოვიდინფექცია 372 ადამიანს დაუდგინდა. მესამე ცხელ წერტილად კვლავ  აჭარის რეგიონი რჩება.

იზრდება COVID-19-ით ინფიცირებული ექიმების რაოდენობაც. სამცხე-ჯავახეთში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 26 თანამშრომელი დაინფიცირდა. იზრდება ე.წ პარლამენტის კლასტერიც. ვირუსი დაუდასტურდა საკანონმდებლო ორგანოს კიდევ ერთ წევრს – დიმიტრი მხეიძეს, ასევე პარლამენტის ადმინისტრაციის მრჩეველს. ორივე მკურნალობას სახლში გადის. ბინაზე მკურნალობს უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანიც. თვითიზოლაციაში გადავიდა მამუკა მდინარაძეც.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი პირებს, რომლებიც მკურნალობას სახლში გადიან ურჩევს მეტი იმოძრაონ და ბევრი სითხე მიიღონ. ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ  ბინაზე მკურნალობა ოჯახის ექიმის კომპეტენციაა და ასეთმა პაციენტებმა საჭიროების შემთხვევაში არა 112-ზე, არამედ ოჯახის ექიმთან უნდა დარეკონ.  გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყნის მაშტაბით დღეის მდგომარეობით 900-მდე  საწოლია თავისუფალი.

ეპიდსიტუაცია მძიმდება ოკუპირებულ რეგიონებშიც. ოკუპირებულ ცხინვალში ხვალიდან ყველა სკოლაში ორკვირიანი კარანტინი ცხადდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა ოკუპირებულ აფხაზეთში, ხოლო გასულ დღე-ღამეში COVID-19-ით კიდევ 107 პირი დაინფიცირდა. რეგიონში ამ ეტაპზე 23 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. საერთო ჯამში ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 2900-ზე მეტი ფაქტია გამოვლენილი.

მსოფლიოში კი კოროანვირუსით ინფცირებლთა რაოდენობამ 40 მილიონს გადააჭარბა.კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა არგენტინაში. არგენტინის მოსახლეობა 45 მილიონია და ის პირველი შედარებით პატარა ქვეყანაა, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიოში ვირუსის მილიონზე მეტი შემთხვევა 5 ქვეყანაში – აშშ-ში, ინდოეთში, ბრაზილიაში, რუსეთსა და არგენტინაში ფიქსირდება.  მზარდი მონაცემების გამო სახელმწიფოები რეგულაციების გამკაცრებას განაგრძობენ.