ე.წ “გრუ”-ს ჰაკერებისთვის წაყენებული ბრალდება აშშ-ში და გამოხმაურებები საქართველოში | 20.10.2020

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართევლოს მიმართ ჰაკერული თავდასხმის გამო, რუსეთის სამხედრო დაზვერვის 6 ოფიცერს ბრალი წაუყენა. უწყების ინფორმაციით ე.წ “გრუ”-ს ოფიცრები კიბერ შეტევების დროს მსოფლიოში ყველაზე გამანადგურებელ პროგრამებს იყენებდნენ და მათი მიზანი დესტაბილიზაციის მოწყობა იყო. საქართველოს შემთხვევაში საუბარია სახელმწიფო დაწესებულებების და მედიაორგანიზაციების ვებსაიტებსა და სერვერებზე 2019 წლის ოქტომბერში განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე, რომლის გამოც საქართველომ რუსეთი 2020 წლის თებერვალში ოფიციალურად დაადანაშაულა. საქართველოს მიიმართ კიბერშეტევისთვის ბრალი ექვსიდან ორ პირს, ანატოლი კოვალიოვსა და არტიომ ოჩიჩენკოს წარედგინათ.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გრუს 6 ოფიცრის მიმართ წაყენებულ ბრალდებას გამოხმაურებები მოჰყვა თბილისში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმები სერიოზული გამოწვევაა და ამ თვალსაზრისით  ამერიკელი მეგობრების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ კიბერუსაფრთხოების კუთხით საქართველოს მთავრობას პრობლემები აქვს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით გრუს ოფიცრებისთვის ბრალის წაყენება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით ოფიციალური ვაშინგტონი რუსეთის მხრიდან პოლიტიკურ პროცესში ჩარევას სერიოზულად ეკიდება,  საქმეს იძიებს და დანაშაულში მონაწილე პირების დასჯის სურვილი გააჩნია.

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, გრუს ჰაკერების თავდასხმების სამიზნე ასევე საფრანგეთის არჩევნები, უკრაინის მთავრობა და 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იყო. მათ ბრალად ედებათ კიბერთავდასხმები საერთაშორისო და ბრიტანულ ორგანიზაციებზე, რომლებიც რუსეთის და დიდი ბრიტანეთის ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს იძიებდნენ. უწყების ცნობით  სწორედ ეს ქვედანაყოფი ატარებდა ოპერაციას აშშ-ის პრეზიდენტის 2016 წლის არჩევნებში კრემლის ჩარევის მხარდასაჭერად.